როცა ფსკერიდან დააკაკუნეს - როგორი იყო "ბარსას" 2021

როცა ფსკერიდან დააკაკუნეს - როგორი იყო "ბარსას" 2021

როდესაც "ბარსელონას" ქომაგებმა 2020 წელი ჩაამთავრეს და შეაჯამეს, მათ აბსოლუტურ უმრავლესობას ეგონა, რომ მომდევნო წელიწადი ამაზე ცუდი ვერანაირად იქნებოდა, მაგრამ როგორც ხშირ შემთხვევაში, გულშემატკივრის ბჭობას აქაც საფეხბურთო ღმერთის სიცილი ახლდა თან...

მიუხედავად ამ მეტაფორის ლოგიკურობისა, მაინც უმჯობესი იქნება, თუ თანმიმდევრულად გავიხსენებთ, როგორი გამოდგა "ბლაუგრანასთვის" 2021 წელი.

მორიგი იმედგაცრუება ესპანეთის სუპერთასზე

"ბარსელონამ" წელი ლა ლიგაში "უესკასთან" და "ატლეტიკთან" საგარეო მოგებებით გახსნა, მაგრამ ყველაზე მთავარი, რაც იანვრიდან გვახსენდება, ესპანეთის სუპერთასზე განცდილი ფიასკოა.

ტურნირის ნახევარფინალში კატალონიელებმა "რეალ სოსიედადს" პენალტების სერიაში მოუგეს. ძირითად დროში თავი ფრენკი დე იონგმა გამოიჩინა (სხვათა შორის, მოგვიანებით მან თერთმეტმეტრიანი გააფუჭა), გადამწყვეტი პენალტი კი რიკი პუჩმა შეაგდო. ვახსენოთ ისიც, რომ ფინალში გაღწევა "ბლაუგრანამ" ლიონელ მესის გარეშე შეძლო, რადგან არგენტინელს მიკროტრავმა ჰქონდა.

ლეომ ფინალი, რომელიც "რეალის" მძლეველ "ბილბაოსთან" ჩატარდა, სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და ალბათ, ეს მატჩი მას არასდროს დაავიწყდება. საქმე 90 წუთში აქაც ვერ მომთავრდა - ანტუან გრიზმანის დუბლს ოსკარ დე მარკოსმა და ასიერ ვილალიბრემ უპასუხეს. ვილალიბრემ გოლი 90-ე წუთზე შეაგდო და ყველაფერი ამან გადაწყვიტა, რადგან ბოლო წამს გატანილი გოლის მუხტი ბასკებს დამატებით დროში გადაჰყვათ, სადაც ინიაკი ვილიამსმა მარკ ანდრე ტერ შტეგენის კარი შორეული დარტყმით აიღო (3:2).

დარჩენილ დროში გოლი ვეღარ გავიდა, მაგრამ მოხდა გაცილებით უფრო საინტერესო რამ. კერძოდ, გაღიზიანებულმა ლეო მესიმ უკვე ნახსენებ ვილალიბრეს თავში ჩასცხო და წითელი ბარათიც დაიმსახურა. მესისთვის ეს "ბარსელონას" მაისურით პირველი გაძევება გახლდათ, მთლიანად კარიერაში კი - მესამე (არგენტინა-უნგრეთი 2005 / არგენტინა-ჩილე 2019).

ასეა თუ ისე, "ბარსამ" ფინალი დათმო. მას მერე, რაც ესპანეთის სუპერთასი ახალი ფორმატით ტარდება, კატალონიელები ამ ტურნირს ვეღარ იგებენ და უნდა ვივარაუდოთ, რომ ამის გამოსწორებას ორიოდ კვირაში ეცდებიან.

ჟოან ლაპორტას მეორედ მოსვლა

კლუბის საპრეზიდენტო არჩევნები 2021 წლის ის ერთ-ერთი უმთავრესი მოვლენა იყო, რომელსაც "ბარსელონას" გულშემატკივრები დიდი ხნის მანძილზე ელოდებოდნენ.

მიუხედავად საარჩევნო კამპანიის დაძაბულობისა და კანდიდატთა სიმრავლისა, არჩევნებზე ბოლოს სამი კანდიდატი წარდგა, რომელთა შორის ხმები ასე გადანაწილდა:

ჟოან ლაპორტა - 54,28%

ვიქტორ ფონტი - 29,99%

ტონი ფრეიშა - 8,58%

მაშ ასე, ჟოან ლაპორტა კლუბის პრეზიდენტის პოსტზე მეორედ მობრუნდა. გამარჯვების ღამეს მან "ბარსას" ჰიმნიც იმღერა და შამპანიურითაც გაიწუწა, თუმცა თავადაც შესანიშნავად იცოდა, რომ თავი დიდ ხათაბალაში გაიხვია.

ლაპორტას საქმიანობის შეფასება ჩვენ შემდეგშიც დაგვჭირდება, მანამდე კი გავიხსენოთ, რომ არჩევნებში მისი პირველი გამარჯვებისას, 2003 წელს, "ბარსა" დღევანდელის მსგავს ვითარებაში იყო და რამდენიმე წელიწადში კატალონიელები მსოფლიოს საუკეთესო გუნდად იქცნენ, ამიტომ საფუძველი იმისა, რომ ჟოანს ჯეროვნად არ ვენდოთ და დრო არ მივცეთ, ნამდვილად არ გვაქვს.

ძალიან სწრაფად დასრულებული ჩემპიონთა ლიგა

ყველას, ვისაც "ბარსელონას" გულშემატკივრობა 2007 წლის შემდეგ დაეწყო, არ ენახა, რომ მის საყვარელ გუნდს ჩემპიონთა ლიგა მეოთხედფინალზე ადრეული სტადიიდან დაეტოვებინა, თუმცა წელს ეს სასიამოვნო სერიაც დასრულდა.

მანამ, სანამ მთავარ კრახს ვახსენებდეთ, 2020/2021 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგა გავიხსენოთ, რომლიდანაც "ბარსა" მერვედფინალიდან, "პსჟ-სთან" განცდილი მარცხით გავარდა.

პირველ თამაშში კატალონიელებმა საშვილიშვილო სირცხვილი ჭამეს - კილიან მბაპეს ბენეფისი და 1:4. განმეორებით შეხვედრაში "ბლაუგრანამ" სახე შეინარჩუნა და საპატიო ფრეს მიაღწია. ისე, თავისი გენიალური გოლისთვის ლიონელ მესის რომ ზუსტად შესრულებული პენალტიც დაემატებინა, ქამბექის კონტურები ნამდვილად გამოჩნდებოდა.

უფერული მარცხი მარცხად, თუმცა ამ დუელში ჩვენ ვიხილეთ მესის უკანასკნელი გოლი (ჯერჯერობით) ევროთასებზე "ბარსელონას" მაისურით. ეს სტატუსი კეილორ ნავასის კარში 35 იარდიდან შესრულებულმა გასროლამ მიიღო. თუ "ლა პულგას" რომელიმე შედეგიან დარტყმას ასეთი ისტორიული მნიშვნელობა უნდა მიეღო, ეს უკანასკნელი მას ნამდვილად იმსახურებდა.

როგორ დაიბრუნა "ბარსამ" დაკარგული ლა ლიგა და როგორ დაკარგა იგი ხელახლა

2021 წელს "ბარსა" ლა ლიგაში მეექვსე ადგილზე შეხვდა და ჩემპიონობაზე ფიქრი უკვე ყველას დავიწყებული ჰქონდა, მაგრამ ამა წლის 29 აპრილს შეიქმნა ვითარება, სადაც თუ კატალონიელები "გრანადას" დაამარცხებდნენ, სატიტულო ბრძოლაშიი მხოლოდ საკუთარ თავზე იქნებოდნენ დამოკიდებულნი.

იმ დღეს "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მეტოქე "გრანადა" გახლდათ. 23 წუთზე ლეო მესიმ ჩინებული გოლი გაიტანა და "კამპ ნოუს" თავზე შავი ღრუბლების შეყრის წინათგრძნობის საფუძველიც არ არსებობდა, მაგრამ მეორე ტაიმში "ბლაუგრანამ" ორი უპასუხო გოლი გაუშვა.

მიუხედავად იმისა, რომ ლა ლიგის მოგების თეორიული შანსი გუნდს ბოლოსწინა ტურამდე არ დაუკარგავს, რეალური შანსი სწორედ აქ მოკვდა, რადგან როცა ასეთ შესაძლებლობას ხელიდან უშვებ, უბრალოდ არ იმსახურებ, ტრიუმფატორის გვირგვინით შეგამკონ.

"გრანადასთან" კრახის მერე "ბარსელონამ" "ვალენსიას" კი მოუგო, მაგრამ შემდეგ ზედიზედ დაუზავდა "ატლეტიკოსა", დაუზავდა "ლევანტეს" და წააგო "სელტასთან", ბოლო ტურში "ეიბარის" ძლევას კი აღარაფერი მოუტანია.

სხვათა შორის, ვიგოურ კლუბთან მარცხი იყო უკანასკნელი მატჩი, რომელშიც ლეო მესიმ "ბარსელონას" ღირსება დაიცვა. აქვე გაიტანა მან ბოლო გოლი გუნდის მაისურით. მაშასადამე, თუ "ლა პულგა" კარიერის ბოლომდე სახლში არ დაბრუნდა, გამოვა, რომ იგი "კამპ ნოუდან" მარცხით გააცილეს.

ერთადერთი პოზიტივი - პირველი ტიტული 2019 წლის შემდეგ

და მივადექით იმ ერთადერთ ტურნირს, რომელზედაც "ბარსელონა" 2021 წელს საუკეთესო იყო. ვგულისხმობთ ესპანეთის სამეფო თასის გათამაშებას.

ასპარეზობა კატალონიელებმა ჯერ კიდევ იანვარში, ქვედალიგელ "კორნელიასთან" დაიწყეს და ის დამატებით დროში ძლივსღა გატეხეს - 0:2. დამატებითი დრო გახდა საჭირო მერვედფინალურ და მეოთხედფინალურ მატჩშებშიც - პირველში "ლურჯ-ბროწეულისფერებმა" "რაიო ვალეკანოს" სტუმრად მოუგეს (1:2), მერე კი "გრანადასთან" ნამდვილი თრილერი გადახდათ თავს. ანდალუსიურ კლუბთან "ბარსა" 90-ე წუთამდე 0:2-ს აგებდა, შემდეგ კი ანტუან გრიზმანისა და ჟორდი ალბას გოლებით მცირე სასწაული მოახდინა. "გრანადას" ყურები არ ჩამოუყრია და დამატებით ტაიმებშიც გაიბრძოლა, თუმცა საბოლოო შედეგს წინ ვერ აღუდგა - 3:5.

ნახევარფინალში "ბარსას" ორმატჩიანი დაპირისპირება ელოდა. "სანჩეს პისხუანზე" "სევილიამ" 2:0 კი მოიგო, მაგრამ უპირატესობა განმეორებით შეხვედრაში ვერ შეინარჩუნა. უსმან დემბელემ სწრაფი, ულამაზესი ბურთი შეაგდო, ბოლო წამებზე კი ხერარდ პიკემ თამაში დამატებით დროში გადაიყვანა, სადაც მარტინ ბრეითუეიტი გამოირჩა. ვახსენოთ ისიც, რომ მაშინ, როცა ანგარიში 1:0 იყო, მარკ ანდრე ტერ შტეგენმა პენალტი აიღო.

რაც არ უნდა გასაკვირად ჟღერდეს, ფინალი "ლურჯ-ბროწეულისფერთათვის" ყველაზე იოლი ბარიერი აღმოჩნდა. კატალონიური გრანდი მოედანზე "ატლეტიკზე" რევანშის აღების წყურვილით გამოვიდა და მეტოქე ოთხბურთიანი სხვაობით გააცამტვერა - გოლები ანტუან გრიზმანმა, ფრენკი დე იონგმა და ლეო მესიმ (2) გაიტანეს. ალბათ, არ იქნება გადაჭარბებული, თუ ვიტყვით, რომ "ბლაუგრანასთვის" ეს წლის საუკეთესო მატჩი იყო.

ტრიუმფის მნიშვნელობის გასაზრდელად ვახსენოთ ისიც, რომ ამ გამარჯვებით კატალონიელებმა თითქმის ორწლიანი უტიტულობა დაასრულეს. აქამდე ბოლო ჩემპიონობა მათ 2019 წლის მაისში ჰქონდათ მოპოვებული და ის ლა ლიგის თასი გახლდათ.

ცრემლიანი ზაფხული კატალონიაში

გვესმის, რომ ამ მძიმე დღეების გახსენება არავის გვსურს, მაგრამ წლის შეჯამებისას მას ნამდვილად ვერ ავცდებოდით...

5 აგვისტოს ესპანური პრესა ერთხმად გვატყობინებდა, რომ ლეო მესი "ბარსასთან" ახალ კონტრაქტს სწორედ დღეს გააფორმებდა. ამას წინ უძღოდა ჟოან ლაპორტას ოპტიმისტური განცხადებებიც, ამიტომ ოქროს ბურთის მაშინ ექვგზის მფლობელის მომავალზე ბევრი არც დარდობდა.

დღის ბოლოს შოკის პირველმა ტალღამ დაუარა მსოფლიოს, როცა Marca-მ გვამცნო, რომ მესის "ბარსაში" დატოვება ვერ ხერხდებოდა. ეს ინფორმაცია ბევრმა რატომღაც გამოცემის მადრიდულობით ახსნა, თუმცა თავად "ბარსელონას" მიერ გავრცელებულ განცხადებას ამ ახსნამ ვეღარ უშველა.

დღე კონსპირაციული თეორიების შედგენაში მიილია, თუმცა ჟოან ლაპორტას პრესკონფერენციამ იმედი ყველაზე ოპტიმისტებსაც კი დაუკარგა. სწორედ მაშინ დაიჯერა ყველამ, რომ კატალონიის ოქროს ბიჭუნას მშობლიურ ბუდეს ატოვებინებდნენ. მალევე კი ამას ლეო მესის პრესკონფერენციაც მოჰყვა - წლის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური მოვლენა მსოფლიო სპორტიდან.

11 აგვისტოს გაოფიციალურდა მესის "პსჟ-ში" გადაბარგებაც. 30 აგვისტოს ლეომ პარიზულ კლუბში სადებიუტო მატჩი ჩაატარა, 28 სექტემბერს კი პირველი გოლი გაიტანა. თარიღების და რიცხვების დასახელება უსასრულოდ შეიძლება, მთავარი კი ისაა, რომ 2021 წელს "ბარსელონასთვის" ახალი, უმესო ეპოქა დაიწყო, მესის კარიერისთვის კი ასევე ახალმა, უბარსელონო ეტაპმა აიღო სტარტი.

"ლა პულგას" ამბავმა ყველა სხვა სატრანსფერო ოპერაცია დაჩრდილა, თუმცა მაინც ვახსენოთ, რომ გუნდს მემფის დეპაი, ერიკ გარსია, კუნ აგუერო და ლიუკ დე იონგი შეუერთდნენ და ემერსონ როიალმა, ხუნიორ ფირპომ, ანტუან გრიზმანმა (იჯარა), ფრანსიშკუ ტრინკაუმ (იჯარა) და მირალემ პიანიჩმა (იჯარა) დატოვეს.

ახალი სეზონი და დამშვიდობება რონალდ კუმანთან

"ბარსელონასთვის" 2021/2022 წლების სეზონი კატასტროფულად დაიწყო და კატასტროფულად გრძელდება. უამრავ სხვა ფაქტორთან ერთად, რომლებშიც ლეო მესის წასვლაც უნდა მოვიაზროთ, პასუხისმგებლობა დაეკისრა "ბლაუგრანას" აწ უკვე ყოფილ თავკაცს, რონალდ კუმანსაც და მას თანამდებობა 28 ოქტომბერს დაატოვებინეს.

"ბარსას" ხელმძღვანელობისთვის ბოლო წვეთი "რაიო ვალეკანოსთან" წაგებული შეხვედრა (0:1) გამოდგა. ირონიულია, რომ ამ მატჩში პენალტი კუმანის ერთ-ერთმა საყვარელმა ფეხბურთელმა, მემფის დეპაიმ გააფუჭა.

რა უნდა ვთქვათ რონალდ კუმანზე? ის არის კიდევ ერთი ლეგენდარული მოთამაშე, რომელიც ფეხბურთის მზაკვარმა ღმერთმა ცუდ მწვრთნელში დაახურდავა. ვერავინ იტყვის, რომ ნიდერლანდელმა თავის სამუშაოს ძალისხმევა დააკლო. მას ნამდვილად სურდა, საყვარელ კლუბს გამოსდგომოდა და ამისთვის ძალ-ღონეს არ იშურებდა, თუმცა თავს ზემოთ ძალა არაა. უმადურობა იქნებოდა ისიც, მისთვის მადლობა რომ არ გადაგვეხადა მოგებული კოპა დელ რეისთვისა და რამდენიმე შესანიშნავი ახალგაზრდისთვის - პედრი და რონალდ არაუხო მის ხელში იქცნენ გუნდის სასტარტო შემადგენლობის წევრებად. ძირითად გუნდში კუმანის დროსვე გამოიძახეს ნიკო და გავიც.

2021 წელი კუმანისთვის სახარბიელოდ ნამდვილად ვერ წარიმართა, მაგრამ მას სანუგეშოდ ის რამდენიმე მილიონი ექნება, რომელიც "ბარსელონასგან" მას კონტრაქტით ეკუთვნის. თანაც, როგორც ესპანური პრესა წერს, კლუბისთვის ის არცერთი ცენტის შერჩენას გეგმავს.

ჯერ ჩავი დაბრუნდა, შემდეგ ალვეში

წლის ბოლო "ბლაუგრანასთვის" ხმაურიანი დაბრუნებებით აღინიშნა. 6 ნოემბერს გაოფიციალურდა, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერებს" სათავეში ჩავი ერნანდესი ჩაუდგა, აქედან 5 დღეში კი გუნდში დანი ალვეშის დაბრუნებაზეც შევიტყვეთ.

ვეტერანი ბრაზილიელის დამატება პირადად ჩავის მოთხოვნა გახლდათ. დანის მთავარი მოვალეობად გასახდელში "ბარსას" სულის დაბრუნება და ახალგაზრდებისთვის თავისი გამოცდილების გაზიარება უნდა ჩავთვალოთ, თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რაოდენ მძიმეა მდგომარეობა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" უკანა ხაზში, მივხვდებით, რომ ალვეშს მოედანზე ყოფნაც ხშირად მოუწევს.

რაც შეეხება ჩავის, მან უკვე გამოსცადა, თუ რაოდენ მძიმე საქმეს შეეჭიდა. თუ დაგავიწყდათ, გეტყვით, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში კატალონიელები სწორედ 41 წლის სპეციალისტის ხელში ჩარჩნენ. მართალია, საქმე ჩავის მოსვლამდე უკვე ისე იყო გაფუჭებული, რომ ვეღარ გამოსწორდებოდა, მაგრამ ბოლო ტურის შეხვედრაში, სადაც "ბარსა" ევროპა ლიგის საგზურით დასაჩუქრდა, გუნდს "მაესტრო" წვრთნიდა.

ვიცით ისიც, რომ თუნდაც სეზონის არადამაკმაყოფილებელი შედეგებით დამთავრების შემთხვევაში, ჩავის პოსტს საქმე არ ემუქრება. "კამპ ნოუზე" ის თავისი გრძელვადიანი პროექტით დაბრუნდა, რომლის განხორციელებასაც დრო და შესაფერისი ფეხბურთელები სჭირდება. შემადგენლობის გაძლიერება "ბლაუგრანამ" გუშინ დაიწყო, როცა ფერან ტორესის ტრანსფერი გააოფიციალურა, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია. რაც შეეხება დროს, ერნანდესმა ალბათ კარგად უნდა იცოდეს, რომ "ბარსას" გულშემატკივრები მას ამას მაქსიმალურად მისცემენ, რადგან რომაელი დრამატურგის, ტერენციი აფრას ფრთიანი ფრაზა ჩვენს რეალობას რომ მოვარგოთ, "რაც არ ეპატიება კუმანს ან სეტიენს, ეპატიება ჩავის".

2022

როგორც დასაწყისში ვახსენეთ, "ბაიერნთან" შერცხვენის მერე ალბათ ბევრს ეგონა, რომ "ბარსელონა" ფსკერზე დაეშვა, მაგრამ მიმდინარე სეზონში გუნდს ფსკერიდან დაუკაკუნეს. დაუკაკუნეს და თავისთანაც გადატყორცნეს, რადგან თებერვლიდან გუნდს ევროპა ლიგა ელოდება. ტურნირი, რომელზეც ლამის 20 წელია არ უთამაშია.

მიუხედავად ამისა, მომდევნო წელს ცუდი მოლოდინებით ნამდვილად არ ვხვდებით. იმედს გვაძლევს ახალი ბრილიანტების - პაბლო გავისა და ნიკო გონსალესის წამოჩიტვა. საინტერესო პერსონაჟია აბდე ეზალზულიც. ველოდებით პედრისა და ანსუ ფატის დაბრუნებას, რაც გუნდისთვის არანორმალური გაძლიერება იქნება.

ვახსენეთ ფერან ტორესი, რომლის ტრანსფერიც გუშინ გაოფიციალურდა. 55 მილიონ ევროდ შეფასებულ ესპანელზე ჩავიმ დიდი ფსონი დადო და ძალიან გაგვიკვირდება, რომ ამ ფსონმა არ გაამართლოს, რადგან ფერანი ზუსტად ის თავდამსხმელია, ვინც "ბარსელონას" ახლა სჭირდებოდა.

მომდევნო წლის პირველი სერიოზული გამოცდა "ბარსას" 12 იანვარს, ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში, "რეალის" წინააღმდეგ ელის. გუნდს უკანასკნელი 4 "კლასიკო" წაგებული აქვს, ამიტომ ამ ბარიერის დაძლევა უკვე პრესტიჟის საკითხია. თანაც, თავის პირველ სამწვრთნელო "კლასიკოში" ჩავი განსაკუთრებით მოტივირებული იქნება.

დიდი ბრძოლები იქნება ლა ლიგაშიც, ევროპა ლიგაზეც და კოპა დელ რეიზეც. 2022 წელი მოსაწყენი ნამდვილად არ უნდა იყოს, ხოლო იქნება თუ არა ის საფეხბურთო სიხარულის მომტანი, "ბარსელონასა" და მისი წევრების სიმარჯვეზეა დამოკიდებული.

 

3 კვირის წინ
437 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

შეუძლია ჩავი ერნანდესს "ბარსელონას" კრიზისიდან ამოყვანა?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 1046
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

მარტინ ბრეითუეიტი, სერხი რობერტო, ერიკ გარსია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ