2 წლის და 8 თვის წინ
ჩავიმ ხმა ვერ ამოიღო - დემბელეს ღალატის ისტორია
ჩავიმ ხმა ვერ ამოიღო - დემბელეს ღალატის ისტორია

ტვიტერზე "ბარსელონასთან" დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ანგარიში BarcaTimes-ი, "ბარსელონადან" გამომავალ წყაროებზე დაყრდნობით, გვთავაზობს ფართო საზოგადოებისთვის უცნობ ამბავს იმის შესახებ, თუ როგორ შეატყობინა უსმან დემბელემ კლუბს თავისი გადაწყვეტილება:

"რამდენიმე ადამიანი, მთავარი აგენტის ჩათვლით, ბოლო თვეებში დაუკავშირდა ჟოან ლაპორტას და უთხრა, რომ "პსჟ" დემბელეს ბანაკს დაუკავშირდა და ამისთვის ყურადღება უნდა მიექციათ. 

ჩავიმ ლაპორტა დაარწმუნა, რომ იგი დემბელეს სრულად ენდობოდა და ფრანგი მხოლოდ "ბარსელონაზე" ფიქრობდა. "მაესტრო" იყო ის ადამიანი, რომელიც უსმანს ყველაზე რთულ მომენტებში იცავდა, მიუხედავად იმისა, რას ამბობდნენ სხვები.

წყაროები ამბობენ, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში ჩავი სასტუმროში გაოგნებული იჯდა, როცა მას დემბელემ თავისი გადაწყვეტილება გააცნო. მთავარი მწვრთნელი თავს ნაღალატევად გრძნობს. მას დემბელესგან ერთი ნიშანიც კი არ ჰქონდა მიღებული, რომ უსმანი წასვლაზე ფიქრობდა.

მსგავსი განწყობა სუფევს გასახდელშიც. ფეხბურთელები ამჩნევდნენ, რომ უსმანი ყველა მათგანს დაუახლოვდა და ყველას შეაყვარა თავი. ამ ფონზე კი ეს ამბავი დაუჯერებელი ჩანდა. "ეს არავის სჯეროდა, მიუხედავად უკანასკნელ დღეებში გავრცელებული ამბებისა," - გვაუწყებს წყარო."

სხვათა შორის, ადრიან სანჩესიც წერს იმაზე, რომ დემბელეს შესახებ ჩავის სხვები აფრთხილებდნენ, მაგრამ მას არაფრის გაგონება სურდა.

ასეა თუ ისე, 26 წლის გარემარბის "პარი სენ ჟერმენში" გადაბარგება გადაწყვეტილია. ახლა ისაა მნიშვნელოვანი, რა სარგებელს მიიღებს კლუბი ამ გარიგებიდან და როგორ გამოიყენებს მას.



Facebook კომენტარები