პრესეზონის მესამე ამხანაგურ მატჩში "ბარსელონამ" იტალიური "მილანი" დაამარცხა, ანგარიშით 1:0. შეხვედრის ერთადერთი გოლი 58-ე წუთზე ანსუმანე ფატიმ შეაგდო.
ესპანურ-იტალიურ დაპირისპირებას თვალი ტრიბუნიდან მიადევნეს უსმან დემბელემ და ფრანკ კესიემ, რომელთა წასვლა გადაწყვეტილად უნდა ჩავთვალოთ.
მოგებული მატჩი "ბლაუგრანას" მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა შეაფასა.
"დემბელეს არ უთამაშია, რადგან წასვლა გვთხოვა. ეს სატრანსფერო ბაზრის კანონია. ჩვენ ვერ გავუწევთ კონკურენციას იმ შეთავაზებას, რომელიც მას აქვს მიღებული.
დემბელეს "პსჟ-ში" ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ. მან ბევრი რამ მოგვცა. რა თქმა უნდა, უსმანის დარჩენაში დარწმუნებას ვეცადე, მაგრამ მან მითხრა, რომ ლუის ენრიკესა და ალ-ხელაიფის ესაუბრა. მისი გადარწმუნების შანსი არ არსებობდა. ეს მისი პირადი და საბოლოო გადაწყვეტილებაა.
ანსუსთვის ეს მნიშვნელოვანი გოლი იყო. მის გამო ბედნიერები ვართ.
ჩვენ კარგი "ბარსელონა" ვნახეთ. ეს ტურზე ჩვენი საუკეთესო მატჩი იყო," - თქვა ჩავიმ.
შეგახსენებთ, რომ მომდევნო შეხვედრა "ბლაუგრანას" 8 აგვისტოს ელოდება. გამპერის თასისთვის გუნდი ლონდონის "ტოტენჰემს" დაუპირისპირდება.