უსმან დემბელეს "პარი სენ ჟერმენში" ტრანსფერი გადაწყვეტილია, "ბარსელონამ" კი უკვე დაიწყო ფრანგი გარემარბის შემცვლელის ძიება.
მართალია, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" პრიორიტეტული სამიზნე "მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველი, ბერნარდუ სილვაა, თუმცა კლუბს ნომინალურ ვინგერებსაც უკავშირებენ. ერთ-ერთი მათგანი მიუნხენის "ბაიერნის" ვარსკვლავი, ლეროი სანეა.
ჟურნალისტ კრისტიან ფალკის ინფორმაციით, 50 მილიონი ევრო, რომელიც "ბლაუგრანამ" დემბელეს სანაცვლოდ უნდა მიიღოს (მაგრამ ესეც გასარკვევია), სანეს დასამატებლად საკმარისი იქნება.
"რეკორდმაისტერი" 27 წლის გერმანელის გასაყიდად მზად არის.
"ლურჯ-ბროწეულისფერთა" მთავარი ამოცანა ტრანსფერში თავად სანეს დარწმუნება იქნება. ჯერჯერობით უცნობია, რას ფიქრობს ლეროი კატალონიური გრანდის მაისურის მორგებაზე.
გასულ სეზონში ჩატარებულ 44 მატჩში სანემ 14 გოლი და 10 ასისტი მიითვალა.