მადრიდის "ატლეტიკოს" პორტუგალიელი თავდამსხმელის, ჟოაუ ფელიქსის მომავლის შესახებ Relevo-ს ჟურნალისტმა მატეო მორეტომ დაწერა.
წყაროს თანახმად, ჟოაუსა და მისი აგენტის, ჟორჟე მენდეშისთვის პირველი ვარიანტი ყოველთვის "ბარსელონა" გახლდათ. ისინი იქამდე იმუშავებენ, სანამ ტრანსფერის განხორციელება შესაძლებელი გახდება.
თუ "ბარსა" არ გამოვიდა, ფელიქსი ჩემპიონთა ლიგაზე მოასპარეზე კლუბს მოძებნის. უკანასკნელ გამოსავლად საუდის არაბეთში გადაბარგება განიხილება.
არაა გამორიცხული, რომ 23 წლის თავდამსხმელი გადავიდეს ისეთ გუნდში, რომელიც მის ხელფასს სრულად დაფარავს და "ატლეტიკოს" იჯარის თანხას, 15 მილიონ ევროს გადაუხდის.
"როხიბლანკოში" გაჩერებას პორტუგალიელი აღარ აპირებს, რადგან ის იქ თავს უბედურად გრძნობს. მადრიდული კლუბი ჟოაუს იჯარა+გამოსყიდვის ვალდებულების ფორმულით გაშვებაზეც თანახმაა.
შეგახსენებთ, რომ ფელიქსმა "ბარსელონაში" გადაბარგების სურვილი საჯაროდ, ერთ-ერთ ინტერვიუში გამოხატა, მაგრამ "ბარსასთვის" იგი სატრანსფერო პრიორიტეტს არ წარმოადგენს.