"ბარსელონას" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის 3 აშკარა სამიზნე ჰყავს, - იუწყება როხერ ტორელო.
Mundo Deportivo-ს ჟურნალისტის ინფორმაციით, "ბლაუგრანას" ინტერესთა სფეროში სოფიან ამრაბატი (ფიორენტინა), იანიკ ფერეირა კარასკო (ატლეტიკო) და ვიტორ როკე (ატლეტიკო პარანაენსე) იმყოფებიან.
როგორც მოგეხსენებათ, მემფის დეპაის "ატლეტიკოში" გაშვებით "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" კარასკოს გამოსყიდვის უფლება მიიღეს. MD წერს, რომ კლუბი ამ უფლებას გამოიყენებს, თუმცა ეცდება, "როხიბლანკო" ბელგიელის 15 მილიონ ევროზე ნაკლებ თანხად გაშვებაში დაითანხმოს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ 30 წლის გარემარბს მხოლოდ "კამპ ნოუზე" უნდა თამაში.
ამრაბატის დამატებასთან "ბარსა" იანვარში იყო ახლოს. "ფიორენტინას" კლუბმა სოფიანის 3 მილიონ ევროდ განათხოვრების შეთავაზებით მიმართა, რითაც კატალონიურ გრანდს მაროკოელის 37 მილიონი ევროს სანაცვლოდ გამოსყიდვის ვალდებულება დაეკისრებოდა, მაგრამ "იებმა" ეს წინადადება უარით გაისტუმრეს.
"ბარსელონაში" იციან, რომ სოფიანს ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურის მორგება ყველაფერზე მეტად სურს. მას ტოსკანელებთან კონტრაქტი 2024 წლის ივლისში ეწურება.
რაც შეეხება მესამე სამიზნეს, ვიტორ როკე მთლიანად მომავალზე გათვლილი პროექტია. 17 წლის შემტევსაც "ბარსაში" სწადია თამაში და იგი ყველაფერს გააკეთებს, რათა ამაში ხელი ფინანსურ ფეარ-პლეისთან დაკავშირებულმა პრობლემებმა შეუშალონ. ახლა "ბლაუგრანამ" "ატლეტიკო პარანაენსესთან" უნდა მოილაპარაკოს.