გასულ წლებში ესპანური პრესა ხშირად წერდა, რომ უსმან დემბელეს "ბარსელონაში" ადაპტაცია ძალიან უჭირდა და იგი არც თანაგუნდელებთან დიდი სიახლოვით გამოირჩეოდა. ეს ფრანგი გარემარბის თამაშზეც აისახებოდა.
მიმდინარე სეზონში დემბელე კარიერის საუკეთესო თამაშს აჩვენებს, ამიტომ სულაც არაა მოულოდნელი ის ინფორმაცია, რომელიც დღეს SPORT-მა გაავრცელა.
წყაროს თანახმად, უსმანი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ოქროს დუეტს - პაბლო გავისა და პედრი გონსალესს დაუახლოვდა. ახალგაზრდა ნახევარმცველები 25 წლის შემტევს ესპანური ენის დახვეწაშიც ეხმარებიან.
"ბლაუგრანას" შვიდიანი გასახდელში უფრო აქტიურია. ესპანური გამოცემის შეფასებით, ჩავი ერნანდესმა "ბარსაში" ოჯახური ატმოსფერო შემოიტანა და ეს ყველაზე კარგად სწორედ დემბელეს ეტყობა.
გავისა და უსმანის სიახლოვის მაგალითი გასულ კვირასაც ვიხილეთ, როცა პაბლომ "სევილიას" კარში გატანილი გოლი ტრიბუნაზე მჯდომ ფრანგთან მირბენით აღნიშნა.
აქვე გეტყვით, რომ დემბელე ამჟამად ტრავმირებულია. მის დაბრუნებას 4-5 კვირაში ელოდებიან.