რამდენიმე საათის წინ ფრანგულმა RMC Sports-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნეიმარ ჟუნიორი საუდის არაბულ "ალ ჰილალში" გადასვლასთან ერთ ნაბიჯში იმყოფება.
"ალ ჰილალის" მიერ გაკეთებული შეთავაზებაზე, რომელიც ბრაზილიელი მეგავარსკვლავისთვის დიდ ცდუნებას წარმოადგენს, დაწერა ფაბრიციო რომანომაც.
ბევრს შეექმნა წარმოდგენა, რომ 31 წლის შემტევის "ბარსელონაში" დაბრუნება საბოლოოდ გამოირიცხა, თუმცა ამჟამად არსებული სურათი ამის თქმის საშუალებას ნამდვილად არ გვაძლევს.
მეტიც, UOL-ს თუ დავუჯერებთ, ნეისთვის პრიორიტეტი კვლავ "ბლაუგრანაა".
წყაროს თანახმად, "ალ ჰილალმა" "პსჟ-ს" ფეხბურთელს სეზონში 80 მილიონი ევრო შესთავაზა, მაგრამ ნეიმარმა ეს წინადადება უარით გაისტუმრა და იგი "ბარსაში" მისაღებ 15 მილიონზე "გაცვალა". "ლურჯებმა" შეთავაზება ახლა 100 მილიონ ევრომდე გაზარდეს, რითაც ბრაზილიელის დათანხმებას იმედოვნებენ.
როგორც ჩანს, არაბულ კლუბს ნეიმარის გადაბირება სერიოზულად აქვს განზრახული, მაგრამ ახლა ყველაფერი ისევ "ბარსელონას" ხელშია - თუ კატალონიელები ჩავის დაითანხმებენ და ტრანსფერზე მუშაობას დაიწყებენ, ნეი არჩევანს სწორედ მათზე შეაჩერებს.