"ბარსელონა" ნიკო გონსალესსა და აბდე ეზალზულს ზაფხულში გაყიდვას უპირებს, - იუწყება Cadena SER.
ნიკოც და აბდეც ისეთ ფეხბურთელებად ფასდებიან, რომლებიც "ბარსა B-სთვის" ზედმეტად მაღალი დონისანი არიან, თუმცა, ამავდროულად, ძირითად გუნდში სტაბილურად თამაშის საშუალება არ მიეცემათ.
სწორედ ამიტომაა, რომ "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" მათთან დამშვიდობება გადაწყვიტეს.
"ბლაუგრანელთა" გეგმით, მათ "ლა მასიას" პროდუქტისგან ფინანსური სარგებლის მიღება უნდა დაიწყონ. ეს აკადემიის აღზრდილთა ლა ლიგის ან უცხოურ კლუბებში გაყიდვას გულისხმობს. მსგავსი რამ კატალონიელებმა შარშანაც გააკეთეს, როცა ფერან ჟუტგლა ბელგიურ "ბრიუგეს" 5 მილიონ ევროდ მიასხვისეს.
Transfermarkt-ი ნიკოს 14 მილიონ ევროდ აფასებს, აბდეს კი - 8 მილიონ ევროდ. ეს ჯამში 22 მილიონია, თუმცა მოსალოდნელია, რომ "ბლაუგრანა" ახალგაზრდებს კიდევ უფრო მეტ თანხადაც გაყიდის.
შეგახსენებთ, რომ 21 წლის ნახევარმცველი ამჟამად "ვალენსიაშია" განათხოვრებული. იქ ჩატარებულ 13 მატჩში მან 1 გოლი შეაგდო. რაც შეეხება "ოსასუნაში" განათხოვრებულ აბდეს, 21 წლის გარემარბმა პამპლონელთა მაისურით ჩატარებულ 17 შეხვედრაში 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.