1 თვის და 2 კვირის წინ
ფატის გარემოცვა "ბარსელონადან" წასვლას ურჩევს
ფატის გარემოცვა "ბარსელონადან" წასვლას ურჩევს

"ბარსელონას" 20 წლის თავდამსხმელის, ანსუმანე ფატის მომავალი ესპანური პრესის მთავარ განსახილველ თემად იქცა. "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ათიანთან დაკავშირებული ცნობები რამდენიმე საათის წინაც გავრცელდა. მათ Cadena Ser-ის ჟურნალისტი ელენა კონდისი გვაცნობს.

წყაროს თანახმად, ანსუს თავისი აგენტი ჟორჟე მენდეში შეხვდა. ფეხბურთელით რამდენიმე ევროპული კლუბია დაინტერესებული, თუმცა მას შეთავაზებების მოსმენა არ უნდა, რადგან "კამპ ნოუზე" დარჩენისკენ მიუწევს გული.

განსხვავებული აზრი აქვთ ფატის უახლოესი გარემოცვის წევრებს. ისინი ესპანელ ფორვარდს ეუბნებიან, რომ "ბლაუგრანას" დატოვება შეიძლება სწორი გადაწყვეტილებაც კი იყოს.

ვითარებას ასერიოზულებს ჩავი ერნანდესის მიერ დანერგილი 4-ნახევარმცველიანი სქემაც, რომელიც ფატის ძირითად შემადგენლობაში თამაშის შანსს პრაქტიკულად უსპობს. ბუნებრივია, თუ ასე გაგრძელდა, სტაბილური სათამაშო პრაქტიკის მიღების მიზნით ანსუმ შეიძლება იფიქროს კიდეც გუნდის გამოცვლაზე.

კონდისის თქმით, ფატიზე მენდეშს "არსენალმა" და "მანჩესტერ იუნაიტედმა" ჰკითხეს, თუმცა კონკრეტული შეთავაზება არ ყოფილა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 31 მატჩში ანსუმანეს მონაგარი 6 გოლსა და 3 ასისტს შეადგენს.


Facebook კომენტარები