მას შემდეგ, რაც ნეიმარ ჟუნიორის არაბულ "ალ ჰილალში" გადასვლა გადაწყდა, შემტევი, რომელსაც "ბარსელონას" ყველაზე აქტიურად უკავშირებენ, ჟოაუ ფელიქსია. პორტუგალიელის შესახებ დღეს SPORT-მა დაწერა.
წყაროს თანახმად, 23 წლის თავდამსხმელმა "ბლაუგრანას" შეატყობინა, რომ იგი მზადაა, სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელ დღეებამდე დაიცადოს. ჟოაუს პოზიცია ნათელია: თუ იგი "ატლეტიკოს" დატოვებს, მხოლოდ "ბარსას" შეუერთდება. ის ამისთვის ყველაფერზე წავა.
"როხიბლანკომ" პორტუგალიელი შემტევი ტრანსფერზე თვეების წინ დააყენა, მაგრამ ფელიქსი ყველა შეთავაზებას ბლოკავს, რამეთუ მას მარტო ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურის მორგება სურს.
თავდაპირველად "ატლეტიკო" ჟოაუს იჯარით გაშვებაში 16 მილიონ ევროზე ნაკლებს არ იღებდა, თუმცა ფეხბურთელსა და კლუბს შორის არსებული კონფლიქტი იმდენად ღრმა არის, რომ "ინდიელები" ახლა იმაზეც თანახმა იქნებიან, თუ ფელიქსს ახალი კლუბი ხელფასს მთლიანად დაუფარავს.
"ბარსამ" ახალგაზრდა შემტევის აგენტს, ჟორჟე მენდეშს მკაფიოდ უთხრა, რომ ჟოაუს ტრანსფერი მხოლოდ იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუ კატალონიელები რომელიმე თავდამსხმელს გაყიდიან. ხელმძღვანელობას შეიძლება ანსუ ფატის ან ფერან ტორესის გაყიდვა განეხილა, მაგრამ გუნდის დატოვებაზე თანახმა არცერთია.
არადა, ფელიქსი ხელფასის გვარიანად შემცირებაზეც მზაობას აცხადებს.
ცნობისთვის, ჟოაუს ლა ლიგის პირველი ტურის მატჩში არ უთამაშია. იგი გუნდთან ერთად ვარჯიშობს, თუმცა აშკარაა, რომ დიეგო სიმეონეს გეგმებში არ შედის.