ესპანურ პრესაში "ბარსელონას" ახალგაზრდა თავდამსხმელი ანსუ ფატი დღის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა გახლდათ.
Diario AS-ის ჟურნალისტ მანუ საინსის ინფორმაციით, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ათიანს გუნდში დარჩენა უნდოდა, მაგრამ მან აზრი "ხეტაფესთან" მატჩის შემდეგ შეიცვალა. მას მერე, რაც ჩავი ერნანდესმა აბდე ეზალზული და ლამინე იამალი თამაშში ანსუზე ადრე ჩართო, 20 წლის ესპანელმა წასვლა გადაწყვიტა.
"მაესტროს" მესამე არჩევნად ყოფნამ რომ ანსუს თავი არაკომფორტულად აგრძნობინა, ამაზე წერს SPORT-იც.
განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს Mundo Deportivo.
გამოცემის თანახმად, ანსუს გაშვება არ მოუთხოვია. გუშინ ფატი თავისი ოჯახის წევრებს შეხვდა და მათთან საუბრის შედეგად გადაწყდა, რომ ესპანელი გუნდში უნდა დარჩეს და ჩავის ნდობის მოსაპოვებლად იბრძოლებს.
იმ შემთხვევაში, თუ ახალგაზრდა ფორვარდის სიტუაცია უახლოეს თვეებში არ შეიცვლება, იგი წასვლას მართლაც განიხილავს.
აქვე შეგახსენებთ, რომ ფატის ევროპაში მრავალი მსურველი ჰყავს. ბოლოს მისი სახელი "პარი სენ ჟერმენს" დაუკავშირეს.