1 წლის და 2 თვის წინ
ევროპის სუპერ ლიგა განახლებული ფორმატით ბრუნდება
ევროპის სუპერ ლიგა განახლებული ფორმატით ბრუნდება

ევროპის სუპერლიგა, რომელიც ჯერ კიდევ 2021 წლის აპრილში დაანონსდა და მალევე მოგვევლინა ჩაშლილ ტურნირად, ძალებს ისევ იკრებს!

A22 სუპერ ლიგის ჩამოყალიბების პროცესში დასახმარებლად ჩამოყალიბებული კომპანიაა. დღეს გამოქვეყნდა ამ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ბერნდ რაიხარტის მიერ გერმანული გაზეთის Die Welt-ისთვის მიცემული ინტერვიუ, საიდანაც სუპერლიგის განახლებული ფორმატის შესახებ შევიტყვეთ.

გამოიკვეთა 4 მნიშვნელოვანი მოცემულობა:

თითოეულ სეზონში მონაწილეობას 60-დან 80 გუნდამდე მიიღებს

ტურნირს არ ეყოლება მუდმივი წევრები

იარსებებს რამდენიმე დივიზიონი

თითოეულ გუნდს სულ მცირე 14 მატჩის ჩატარება მოუწევს

როგორც ირკვევა, ტურნირში მონაწილე გუნდები თავიანთი ქვეყნების შიდა ჩემპიონატებში ნაჩვენები შედეგების მიხედვით შეირჩევიან. მაშასადამე, საზოგადოებაში გავრცელებული შიში, რომ ევროპის სუპერლიგა შიდა პირველობებს გააქრობდა, აღარ უნდა არსებობდეს.

ვიცით ისიც, რომ ტურნირის ჩატარების 3 მთავარი მსურველი - მადრიდის "რეალი", "ბარსელონა" და ტურინის "იუვენტუსი" - უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებებს სხვადასხვა კლუბთან და მათ პროექტში ჩართვას ცდილობენ.

სხვათა შორის, რაიხარტი გვარწმუნებს, რომ ფეხბურთში ფინანსური საკითხიც უნდა დარეგულირდეს და კლუბებს ფეხბურთელთა ტრანსფერებსა და ხელფასებში მხოლოდ ფეხბურთიდან მიღებული შემოსავლის გარკვეული პროცენტის დახარჯვა უნდა შეეძლოთ. ვნახოთ, რამდენად შეძლებს ევროპის სუპერლიგა ამის მოგვარებასაც.

ბატონი ბერნდის მიერ გასული წლის ოქტომბერში გაკეთებული განცხადების მიხედვით, ტურნირის პირველი გათამაშება შეიძლება 2024/2025 წლების სეზონიდან ვიხილოთ.


Facebook კომენტარები