როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა ინგლისის პრემიერ ლიგის ოფიციალური განცხადება, საიდანაც ვიგებთ, რომ "მანჩესტერ სიტი" ფინანსური წესების მრავალჯერ დარღვევაშია ეჭვმიტანილი.
არსებობს შანსი, დაკისრებული სასჯელიდან გამომდინარე, "ქალაქელებს" თავიანთი წამყვანი ფეხბურთელების გაყიდვა მოუწიოთ. Mundo Deportivo-ს ჟურნალისტ ედუ პოლოს ინფორმაციით, სწორედ ამას ელოდება კატალონიის "ბარსელონაც".
"ბლაუგრანას" სულ მცირე 3 "სიტიზენისთვის" აქვს თვალი მიპყრობილი.
პირველი ბერნარდუ სილვაა, რომელიც კვლავ რჩება ჩავი ერნანდესის სასურველ ფეხბურთელად. "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" პორტუგალიელის შეძენა გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზეც სცადეს, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ.
"ბარსას" სიაში შემდეგი ილქაი გიუნდოგანია. 32 წლის ნახევარმცველს მანჩესტერელებთან მოქმედი კონტრაქტი ზაფხულში ეწურება და შეიძლება ის საერთოდ არ გაახანგრძლივოს.
რაც შეეხება მესამეს, ის "ქალაქელთა" საყრდენი, როდრი გახლავთ. როდრი ჩავის სისტემას იდეალურად მოერგებოდა და ეს "ბარსაშიც" შესანიშნავად იციან.
აქვე ვახსენოთ, რომ ნაკლებადაა სავარაუდო, "სიტის" ბედი ზაფხულისთვის უკვე გარკვეული იყოს და "ბარსელონამ" ამით რაიმე უპირატესობა მიიღოს, მაგრამ ბერნარდუ ისედაც ჩემოდნებზე ზის, ამიტომ მისი გაფორმება არც ისე რთული ამოცანა უნდა იყოს (მნიშვნელოვანი იქნება კლუბის ფინანსური მდგომარეობაც).