როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონა" ხვალ ლა ლიგის მე-3 ტურის მატჩს ჩაატარებს და გასვლაზე "ვილიარეალს" დაუპირისპირდება.
მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჩავი ერნანდესმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
"რუბიალესის საქმე? უპირველეს ყოვლისა, ჩემს სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ჯენისა და სხვა ქალ ფეხბურთელებს. ამის შემდეგ კი მინდა ვთქვა, რომ ვგმობ პრეზიდენტის საქციელს. ეს მიუღებელია."
"სეტიენი და "ვილიარეალი" ფეხბურთს დაახლოებით ისე უყურებენ, როგორც ჩვენ. მათ კარგად დაკომპლექტებული ნახევარდაცვა ჰყავთ და თამაშის გაკონტროლება შეუძლიათ."
"პედრის ტრავმა მისი წინა დაზიანების მსგავსია. ვნახოთ, როგორ იგრძნობს თავს, როცა დაბრუნდება. ის საკუთარ თავს უვლის, გასწია უზარმაზარი სამუშაო, რათა კუნთოვანი მასა გაეზარდა, მაგრამ არსებობს სხვა ფაქტორებიც... თამაში, სიცხე."
"ლევანდოვსკი ბედნიერი ჩანს. მას უნდა, რომ გუნდს გოლებით დაეხმაროს, მაგრამ წვლილი სხვა მოქმედებებითაც შეაქვს. მაგალითად, ასისტი "კადისთან". გოლები თავისით მოვა. მასთან დაკავშირებით მშვიდად ვარ."
"კანსელუ? ყველაფერი ისევ ფეარ-პლეიზეა დამოკიდებული. სამწუხაროდ, ასეთ ფინანსურ სიტუაციაში ვართ. სატრანსფერო ფანჯარა ღიაა. სპორტულმა მენეჯმენტმა იცის, რაც გვჭირდება."
"აბდე სასტარტოში? ფეხბურთელებმა უნდა გაიგონ, რომ ამდენად დიდი მნიშვნელობა არ აქვს, სასტარტოს წევრი იქნები თუ სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებ. წინა ჯერზე უმეტესად მათი დამსახურებით მოვიგეთ, ვინც თამაშში სკამიდან ჩაერთო."
შეგახსენებთ, რომ მატჩი ხვალ, თბილისის დროით 19:30 საათზე დაიწყება.