ლა ლიგის მესამე ტურში "ბარსელონამ" "ვილიარეალი" დაამარცხა, ანგარიშით 4:3.
"ესტადიო დელა სერამიკაზე" გამართულ მატჩში "ბარსა" ჯერ 2:0-ს იგებდა, შემდეგ 3:2-ს აგებდა, ბოლოს კი მაინც მოიგო. გოლები პაბლო გავიმ, ფრენკი დე იონგმა, ფერან ტორესმა და რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანეს.
მძიმე ბრძოლაში მოგებული შეხვედრა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" თავკაცმა ჩავი ერნანდესმა შეაფასა:
"საერთო ჯამში, კარგი მატჩი იყო. 2-ით ან 3-ით მეტი გოლი უნდა გაგვეტანა, დაცვაში კი სუსტად გამოვიყურებოდით."
"შეცვლაზე შესულ ფეხბურთელებს გადამწყვეტი ეფექტი ჰქონდათ. ჩვენი მიზანია, რომ 90 წუთის განმავლობაში ვდომინირებდეთ, მაგრამ როცა "ვილიარეალის" მსგავს გუნდს ხვდები, ეს რთულია."
"მეორე ტაიმში გამოჩენილი ხასიათი ჩვენი წარმატების გასაღებია."
"ტალანტი ფასდება და ლამინე იამალი ის ფეხბურთელია, რომელიც განსხვავებას ქმნის."
"სერხი რობერტოს ვუთხარი, რომ ვზარალდებოდით იმ პასებით, რომლებიც მის ზურგს უკან კეთდებოდა."
"არ ვფიქრობ, რომ ლამინეს წნეხთან დაკავშირებული პრობლემა ექნება. ის თავმდაბალი ბიჭია. ბევრს მუშაობს. ნული პრობლემა. დიდ კონკურენციას ხვდება, მაგრამ "ბარსაში" სათანადოდ მზად არის."
"მარჯვენა მცველის და თავდამსხმელის დამატებას ვეცდებით."
შეგახსენებთ, რომ მომდევნო მატჩი "ბარსას" 3 სექტემბერს, "ოსასუნას" წინააღმდეგ ელოდება.