ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცვლილება "ბარსელონას" 20 წლის თავდამსხმელის, ანსუ ფატის სხვა გუნდში გადაბარგება შეიძლება იყოს.
"ლურჯ-ბროწეულისფერთა" ათიანის შესახებ ესპანურ პრესაში ძალიან ბევრი ინფორმაცია ვრცელდება.
Jijantes-ს თუ დავუჯერებთ, "ბარსადან" წასვლა თავად ანსუმანემ ითხოვა. ჟერარ რომეროს თქმით, ესპანელ შემტევს კარიერის გაგრძელება ინგლისის პრემიერ ლიგაში უნდა, სადაც მისით "ჩელსი", "ტოტენჰემი" და "ლივერპული" არიან დაინტერესებული. ფატის მამა, ბორი ფატი კი თავისი ვაჟის "სევილიაში" განათხოვრებას ისურვებდა.
Sport-ის ჟურნალისტის, ტონი ხუანმარტის ცნობით, ანსუს აგენტი და "ბარსელონა" "ტოტენჰემის" შეთავაზებაზე დათანხმებას სთხოვენ, მიუხედავად იმისა, რომ თავად ფეხბურთელს "ლივერპულში" ან "ატლეტიკოში" გადასვლა ურჩევნია.
მერსესაიდული და მადრიდული ვარიანტები ფატისთვის ახლა ყველაზე რეალური ნამდვილად არაა, რადგან ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაში გააქტიურდებიან, თუ მუჰამედ სალაჰი ან იანიკ ფერეირა კარასკო მიაშურებენ საუდის არაბეთს.
ასეა თუ ისე, "ლა მასიას" აღზრდილ ფორვარდთან ყველაზე ახლოს ახლა "ტოტენჰემია". უდიდესი ალბათობით, ანსუ ლონდონს ერთწლიანი იჯარით მიაშურებს.