როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონას" უკვე დახურული აქვს პორტუგალიელი ლეგიონერების - ჟოაუ კანსელუსა და ჟოაუ ფელიქსის ტრანსფერები. ორივე ფეხბურთელს კლუბი იჯარის წესით დაიმატებს.
საინტერესოა, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერთათვის" სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღე მხოლოდ ამ დანამატებით არ შემოიფარგლება.
ტონი ხუანმარტის ინფორმაციით, "ბლაუგრანამ" "ლოს ანჯელესთან" მამადუ ფალის თაობაზე სრულ შეთანხმებას მიაღწია. სენეგალელი "ბარსა ატლეტიკში" ჩაირიცხება.
ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ მამადუ "ბარსას" იჯარით შეუერთდება და კლუბი მისი 6 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლებას მიიღებს.
"თუ WI-FI არ გამოირთვება, ფალის "ბარსელონაში" ტრანსფერი შედგება," - წერს SPORT-ის ჟურნალისტი.
ცნობისთვის, 20 წლის ფეხბურთელს ესპანეთში თამაშის გამოცდილებაც აქვს - გასულ სეზონში იგი "ვილიარეალის" სარეზერვო გუნდის ღირსებას იცავდა. "ლოს ანჯელესის" მაისურით მამადუს 42 მატჩში მიუღია მონაწილეობა. მან თავი 6 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.