ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელ დღეს "ბარსელონა" ჟოაუ კანსელუთი და ჟოაუ ფელიქსით გაძლიერდა, მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანის დამატება საკმაოდ რთულ ამოცანას წარმოადგენდა.
დედლაინზე "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობამ შესანიშნავად იმუშავა, თუმცა, როგორც ჩანს, ჩავი ეს ერნანდესს ეს ბოლომდე კმაყოფილების საფუძველს მაინც არ აძლევს.
Mundo Deportivo-ს ჟურნალისტ გაბრიელ სანსის ინფორმაციით, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" თავკაცს არ სურდა, რომ მისი გუნდიდან გაუთვალისწინებლად წასულიყო ვინმე.
გუშინ აბდე ეზალზულმა "ბეტისს" მიაშურა, ერიკ გარსია კი კლუბმა "ჟირონაში" გაანათხოვრა. დიდი ალბათობით, სწორედ ეს ამწუხრებს "მაესტროსაც". პრესაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, ჩავის ორივე მათგანის შენარჩუნება უნდოდა, მაგრამ ახალ გუნდებში გადაბარგება თავად ფეხბურთელებმა ისურვეს.
თუ ეზალზულის ნაცვლად გუნდში ფელიქსი მოვიდა, გარსიას შემცვლელი კლუბს არ დაუმატებია. "ბარსას" ახლა ერთით ნაკლები ცენტრალური მცველი ჰყავს, რაც ერნანდესს არ მოსწონს.
ისე, აღვნიშნოთ, რომ "ბლაუგრანამ" გუშინ "ლოს ანჯელესიდან" მოიყვანა უკანახაზელი, მამადუ ფალის სახით, თუმცა ის B გუნდისთვის გამიზნული ტრანსფერია.