"ბარსელონას" რომ იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე საყრდენი ნახევარმცველის დამატება სურს, ამაზე გუშინაც მოგახსენეთ. აღნიშნული ცნობა დღეს კიდევ ერთმა სანდო წყარომ, როხერ ტორელომ დაადასტურა.
Mundo Deportivo-ს ჟურნალისტის ინფორმაციით, "ბლაუგრანას" 7-კაციანი სია აქვს:
ტიაგო ალკანტარა (ლივერპული)
ჟოაუ პალინია (ფულემი)
ადრიენ რაბიო (იუვენტუსი)
ჟორჟინიო (არსენალი)
ფლორენტინო ლუისი (ბენფიკა)
გვიდო როდრიგესი (ბეტისი)
ფაბრისიო დიასი (მონტევიდეო)
ესპანური გამოცემა იუწყება, რომ ალკანტარას "ბარსელონაში" დაბრუნების კიდევ ერთი შანსი შეიძლება მიეცეს, თუმცა ეს არა იანვარში, არამედ 2024 წლის ზაფხულში მოხდება, როცა ტიაგო თავისუფალი აგენტების ბაზარზე გავა.
რაც შეეხება ფაბრისიო დიასს, მისი იანვარში დამატებაც რეალურია. ახალგაზრდა ურუგვაელის ტრანსფერი 9 მილიონი ევრო დაჯდება, მის განხორციელებას კი სპორტული დირექტორის, დეკუს თანხმობა დასჭირდება.