logo

ბილი გილმორი - ბიჭი, რომელიც "ბარსელონას" სჭირდება

ბილი გილმორი - ბიჭი, რომელიც "ბარსელონას" სჭირდება

დაახლოებით ერთი კვირის წინ ქართული და მსოფლიო სოციალური ქსელი წალეკა მომენტმა "ლივერპულისა" და ლონდონის "ჩელსის" სათასო დაპირისპირებიდან, სადაც ახალგაზრდა ბილი გილმორმა "წითლების" გამოცდილი საყრდენი, ფაბინიო ბავშვივით გააბითურა.

არადა, ბილი თავადაა ბავშვი, ოღონდ ძალიან მაგარი ბავშვი...

გილმორმა კარიერის პირველი ნაბიჯები მშობლიურ გლაზგოში, "რეინჯერსში" გადადგა. 15 წლის ასაკში იგი უკვე ძირითად გუნდთან ერთად ვარჯიშობდა, 2017 წელს კი მისი "ჩელსიში" ტრანსფერი დადასტურდა. "არისტოკრატებმა" 500 ათასი ევრო გაისროლეს და ბრილიანტიც მიიღეს.

პრემიერ ლიგაში სადებიუტო წუთები ბილიმ "შეფილდ იუნაიტედთან", 31 აგვისტოს მიიღო და მოედანზე 6 წუთიც დაჰყო. შემდეგ იყო მინდორზე გატარებული 90 წუთი "გრიმსი თაუნის" წინააღმდეგ, კარაბაო თასზე და ის შეხვედრა ლონდონელებმა 7:1 მოიგეს.

მიუხედავად ამისა, შოტლანდიელი "ჩელსის" ძირითადი გუნდის წევრი მხოლოდ ამა წლის თებერვალში გახდა და მან უკვე მოასწრო "ლურჯების" ფანების გულების მოგება.

"ლივერპულთან" ბენეფისის შემდეგ გილმორმა არც მათი თანაქალაქელი "ევერტონი" დაინდო. მიუხედავად იმისა, რომ "ჩელსიმ" 4:0 გაიმარჯვა, ბილის კი არც საგოლე პასი მიუთვლია და არც გოლი, მან დირიჟორის როლი ღირსეულად მოირგო.

გილმორი ძალიან თამამია. ალბათ, ანომალიურად თამამიც კი 18 წლის ბიჭისთვის. კრეატიული ფანტაზისტა, რომელიც არც შავ სამუშაოს თაკილობს და დაუღალავი ფეხებით გამოირჩევა. დამეთანხმებით, რომ ასეთი დანამატი "ბარსელონასთვის" ნამდვილად მისწრება იქნებოდა.

სხვათაშორის, "ბლაუგრანა" ბილით ჯერ კიდევ მაშინ ინტერესდებოდა, როცა იგი სუსხიან გლაზგოში აოცებდა თანაგუნდელებს.

დარწმუნებული ვარ, რომ "ბარსა" მომავალი წლების მანძილზეც მრავალჯერ ეცდება გილმორის ხელში ჩაგდებას, მაგრამ, გულწრფელად გითხრათ, ამ ტრანსფერის რეალურობის მაინც არ მწამს.

ექსპერტებს თუ დავუჯერებთ, "სტემფორდ ბრიჯზე" ახალი ფრენკ ლამპარდი გამოჩნდა, რომელიც "ჩელსის" ისტორიაში ოქროს ასოებით უნდა ჩაეწეროს. ჩვენც კი მაინც იმედი ვიქონიოთ, რომ მოვლენების ასეთ განვითარებას ხელს სწორედ "ბარსელონა" შეუშლის.

2 თვის წინ
614 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

რას ფიქრობთ, განვითარდება თუ არა "ბარსელონა" სეტიენის ხელში?

კი
არა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 1060
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

სუარესი, დემბელე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ