რობერტ ლევანდოვსკი "სევილიასთან" მატჩის შემდეგ საკუთარ თავზე იყო განაწყენებული, - იუწყება Mundo Deportivo.
პოლონელმა გოლეადორმა "დალაქების" წინააღმდეგ მოგებული შეხვედრა თანაგუნდელებთან ერთად აღნიშნა, თუმცა მას ის აწუხებდა, რომ გამარჯვებაში წვლილის შეტანა ვერ მოახერხა.
34 წლის ცენტრფორვარდს ხასიათის გამოსწორება დღეს, "ვილიარეალის" წინააღმდეგ შეეძლება.
სხვათა შორის, "ესტადიო დელა სერამიკაზე" რობერტის ბოლო ვიზიტი წარუმატებელი გამოდგა. ვგულისხმობთ ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის პირველ მეოთხედფინალურ მატჩს, რომელშიც "ვილიარეალმა" მიუნხენის "ბაიერნს" ანგარიშით 1:0 მოუგო.
ლევანდოვსკიმ ამ მარცხის რევანში ლა ლიგის პირველ წრეში აიღო, როცა "ყვითელ წყალქვეშა ნავს" დუბლი შეუსრულა, მაგრამ ახლა მას თავის გამოჩენის შანსი თავად "ვილიარეალის" სტადიონზე მიეცემა.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელი მატჩი თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.