Mundo Deportivo-მ გადაწყვიტა ერთმანეთისთვის შეედარებინა "ბარსელონას" შეტევის ხაზის ახლანდელი და ორი წლის წინანდელი (უფრო ზუსტად, მაშინდელი, როცა გუნდი ჩავი ერნანდესმა ჩაიბარა) დაკომპლექტება.
2021 წლის ნოემბერში "ბლაუგრანას" თავდამსხმელთა ჩამონათვალი შემდეგნაირად გამოიყურებოდა:
უსმან დემბელე, იუსუფ დემირი, მემფის დეპაი, მარტინ ბრეითუეიტი, ლუუკ დე იონგი, ანსუ ფატი, სერხიო აგუერო, ფილიპე კოუტინიო, აბდე ეზალზული, ილიას ახომაჩი, ფერან ჟუტგლა (უკანასკნელი 3 B გუნდიდან)
დღეს ჩავის განკარგულებაში ჩამოთვლილთაგან არცერთია. ერთადერთი, ვისაც "ბარსასთან" კიდევ აქვს რაიმე კავშირი შენარჩუნებული, ანსუ ფატი გახლავთ. ესპანელი ფორვარდი კლუბმა 1 სეზონით "ბრაიტონში" გაანათხოვრა.
ახლა "მაესტროს" წინა ხაზზე რობერტ ლევანდოვსკის, ჟოაუ ფელიქსის, რაფინიას, ფერან ტორესისა და ლამინე იამალის გამოყენება შეუძლია.
გავიხსენოთ პიერ-ემერიკ ობამეიანგი და ადამა ტრაორეც, რომლებიც "ბარსას" ჩავის მწვრთნელობისას შეუერთდნენ და გუნდი რამდენიმე თვეში დატოვეს.
Mundo Deportivo-ს დათვლით, წინა ხაზის მთლიანად ჩანაცვლება კლუბს 158 მილიონი ევრო დაუჯდა (ბონუსების ჩათვლით), თავდამსხმელების გაშვებით კი 86 მილიონი ევრო იქნა გამომუშავებული.