ჩავი ერნანდესმა "ბეტისთან" მატჩისწინა პრესკონფერენციაზე "ბარსელონას" იმ ფეხბურთელების შესახებ ისაუბრა, რომლებსაც სხვადასხვა სახის ტრავმა აწუხებთ.
"გიუნდოგანმა ზურგში დარტყმა მიიღო. ვნახავთ, როგორ იქნება ის დღეს და გადაწყვეტილებას ხვალ მივიღებთ. მიუხედავად ამისა, პრინციპში, მან ხვალ თამაში უნდა შეძლოს.
არაუხოს გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს.
ყველა მოთამაშეს აქვს ტრავმიდან თავის არიდების გეგმა. მხოლოდ პედრიზე არ უნდა ვიყოთ ფოკუსირებულები. მომთხოვნი გრაფიკიდან გამომდინარე, ტრავმიანობა ყველა გუნდში გვხვდება. სტრესი და დაღლილობა ამას გარდაუვალს ხდის," - თქვა "ბლაუგრანას" მთავარმა მწვრთნელმა.
შეგახსენებთ, რომ არაუხო შეიძლება "ანტვერპენის" წინააღმდეგ დაბრუნდეს, პედრის კი ოქტომბრის დასასრულს ელოდებიან მოედანზე.
კატალონიურ-ანდალუსიური ჯახი ხვალ, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.