პეპლის ეფექტი - რა იქნებოდა, რომ არა მესი

პეპლის ეფექტი - რა იქნებოდა, რომ არა მესი

ახალი წელთაღრიცხვით XXI საუკუნეში მაცხოვრებელ ადამიანებს ძალიან გაუმართლათ და ხშირად ამას თვითონაც ვერ იაზრებენ. გაუმართლათ იმიტომ, რომ ტექნოლიგიური პროგრესის პიკით შეუძლიათ ტკბობა; გაუმართლათ იმიტომ, რომ სისხლისმღვრელი ომები უკან აქვთ მოტოვებული და მხოლოდ ისტორიის წიგნების საშუალებით იზაფრებიან; გაუმართლათ კიდევ ძალიან ბევრის გამო და რაც ყველაზე მთავარია, გაუმართლათ იმიტომ, რომ ყოველ უქმეებზე (და ხანდახან შუა კვირაშიც) მოციმციმე ეკრანებზე ლიონელ მესის თამაშის ცოცხლად ხილვის საშუალება ეძლევათ.

სპორტს ერთი, ცოტათი პარადოქსული რამ ახასიათებს: რაც უფრო მეტი დრო გადის ამა თუ იმ სპორტსმენის ზეობიდან, მით უფრო ეხვევა იგი დიდების შარავანდედში. თუ კარგად დავფიქრდებით, მივხვდებით, რომ ლეგენდები, რომლებიც ათეულობით წლის წინ მოთამაშე პიროვნებაზეა შექმნილი, ხშირად ზღაპრულ ეფექტებს შეიცავს და მისი კიდევ უფრო რომანტიზებისთვისაა შეთხზული. ამ ფონზე თანამედროვე ყოფაში მოასპარეზენი ცოტათი იჩაგრებიან კიდეც, რადგან მათ ყველა ნაბიჯს ლამის გამადიდებელი შუშით ვაკვირდებით. მიუხედავად ამისა, ლეომ სულ რაღაც თხუთმეტიოდე წელიწადში შეძლო საკუთარი თავისგან ცოცხალი ლეგენდა გამოეთალა და მოესპო ნებისმიერი კითხვა მის შესაძლებლობებზე.

ხანდახან, როდესაც "ლა პულგა" მორიგ საოცრებას ჩაიდენს მინდორზე, გონებაში იბადება კითხვა: რა მოხდებოდა, რომ არა მესი? ეს თითქოსდა ძალიან მარტივი კითხვა უამრავ პასუხს ბადებს და რაც უფრო ღრმად მივდივართ ჰიპოთეზებში, მით უფრო გვიპყრობს შიში.

რა იქნებოდა რომ არა მესი? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დიდი ალბათობით, არც ეს საიტი იქნებოდა, არც "ბარსელონას" ეყოლებოდა უამრავი გულშემატკივარი და არც თქვენი მონა-მორჩილი დაწერდა ამ სტრიქონებს. ზოგადად, ქართულ საფეხბურთო წრეებში პერსოფანობა ცუდ ტონად ითვლება. ერთი სპორტსმენისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულების ჰქონა სავსებით ნორმალურია, მაგრამ ბევრ გულშემატკივარს თითქოს რცხვენია აღიაროს, რომ ფეხბურთი ერთმა რიგითმა მოთამაშემ შეაყვარა. სწორედ ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურით მორბენალი ბიჭუნაა ის "რიგითი მოთამაშე", რომელმაც უამრავი პერსონა დაააინტერესა ფეხბურთით და სამუდამოდ ჩაწერა სპორტის ამ სახეობის გულმხურვალე ქომაგთა რიგებში.

ზოგადად ნებისმიერი ფაქტის საილუსტრაციოდ ყველზე კარგი ვარიანტი სტატისტიკის მოყვანაა, მაგრამ ლიონელის ჯადოსნური ფეხბურთზე საუბრისას მხოლოდ მშრალი რიცხვებით შემოფარგვლა ალბათ ისეთი დანაშაულია, შუა საუკუნეების დარი ინკვიზიცია დღეს რომ არსებობდეს, სასტიკად დასჯიდა ამის ჩამდენს.

მესის დიდებულების სრულად აღსაწერად ერთი ეპიზოდის დასახელება რომ მომთხოვონ, 2011 წელს, ლონდონის "არსენალთან" გატანილ გოლს გამოვარჩევდი: ანდრეს ინიესტას დიდებული გადაცემის შემდეგ "ლა პულგა" ალმუნიასთან პირისპირ დარჩა, "მეთოფეთა" კიპერმა სივრცე მაქსიმალურად შეამცირა და თითქოს ბურთი მარტივად უნდა მოეგერიებინა, რომ არგენტინელმა გააკეთა ის, რაც გარანტიას გაძლევთ, სხვას თავში არც კი მოუვიდოდა - მეკარეს ბურთი თავზე აუგდო და ერთი შეხებით გადაგზავნა დაუცველ კარში. ამ ჯადოსნურმა ფინტმა სამყარო წამებით შეაჩერა და ყველაზე სკეპტიკურად განწყობილ ხალხსაც კი დაანახა, თუ რა ფენომენთან ჰქონდა საქმე. 

ამ სტატიის მკითხველს ვთხოვ, ცოტა ხნით გონება დაძაბოს და დათვალოს, წამის მეასედში მესის მიერ გატანილი იშვიათი სილამაზის რამდენი გოლს გაიხსენებს - "ბეტისთან" საჯარიმოს მისადგომიდან შესრულებული პანენკა, "რეალთან" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გაკეთებული სლალომი, "ხეტაფესთან" და "ატლეტიკ ბილბაოსთან" უნიკალური დრიბლინგები, "ლივერპულის" კარში გატანილი ჯარიმა, არგენტინის ნაკრების მაისურით ნიგერიის, ირანის, ბრაზილიის, ამერიკის და სხვათა და სხვათა აწიოკება... ძალიან ბევრია, არა? ახლა ისიც გაიხსენეთ, რომ ლეოს კარიერაში თითქმის 700 შედეგიანი დარტყმა განუხორციელებია და აქედან ნახევარი მაინც უზენაეს ესთეტიურ სიამოვნებას ანიჭებდა მაყურებელს. ბარემ ისიც წარმოიდგინეთ, რომ მესი საერთოდ არ არსებობს და არც ეს ბურთები შეუგდია ვინმეს. საშინელებაა...

რომ არა მესი, ფეხბურთში თამასა გაცილებით დაბლა იქნებოდა დაწეული, ვიდრე ახლაა. კარგად გაიხსენეთ: როცა რომელიმე ამომავალი ვარსკვლავი გამოჩნდება ასპარეზზე და გადაბმულად 2 მატჩში გაიტანს, მაშინვე იწყებენ მის ზეპერსპექტიულობაზე საუბარს, მაგრამ თქვენ ჩნდებით და მარტივ ფრაზას ამბობთ: მოიცა რა, მაგის ასაკში მესი კანავარო-კარლოსებს ერთმანეთზე ალაგებდა და ოქროს ბურთებს იგებდა... და მთავარი მუღამი ისაა, რომ აქ უტრირება საერთოდ არ გიწევს. მესი ყველა ასაკში საუკეთესო იყო და მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ ასპექტებში დღესაც პროგრესირებს, მუდამ მოწოდების სიმაღლეზე იდგა.

მესიმ მოიგო 6 ოქროს ბურთი და ამას ისე ვისიგრძესიგანებთ, თითქოს არაფერი მომხდარა. აქვე არაფრით შეიძლება ლეოს უმთავრესი კონკურენტის, კრიშტიანუ რონალდუს დავიწყება, რომელმაც 5-ჯერ მოიხვეჭა წლის საუკეთესო ჯილდო და ესეც არაადამიანური მაჩვენებელია. რომ არა მესი, ამ პორტუგალიელ მონსტრს გაცილებით მეტჯერ ექნება უმაღლესი ინდივიდუალური ჯილდო მოპოვებული. გარდა ამისა, სავსებით კუთვნილ ტრიუმფს დაიმსახურებდნენ ანდრეს ინიესტა, ჩავი ერნანდესი, უესლი სნეიდერი (რომლის 2010 წელიც ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი მარათონია ფეხბურთის ისტორიაში), არიენ რობენი და სხვანი, ეს სია დაუსრულებელია. 

რა იქნებოდა რომ არა მესი? ალბათ თქვენ წარმოდგენაც კი გაგიჭირდებათ, თუ როგორ ჭაობში იქნებოდა არგენტინული ფეხბურთი. შეგახსენებთ, რომ ამ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცია თავის თანამშრომლებს ხელფასს ვერ უხდიდა. შეგახსენებთ იმასაც, რომ "ალბისელესტეს" ნორმალური მწვრთნელი ბოლოს როდის ჰყავდა, ალბათ თავად ნაკრების წევრებსაც არ ახსოვთ. არგენტინის ეროვნულ გუნდში რა პრობლემებიცაა, იმის ჩამოთვლას ალბათ ათტომეულიც არ ეყოფა...

და ამ ყველაფრის ფონზე, ლეომ თავისი სამშობლო დიდი ფორუმის ფინალში 3-ჯერ გაიყვანა. იქაც, რიგ თანაგუნდელებს წესიერად რომ ემოქმედათ, ახლა ტიტულებითაც დამშვენებული იქნებოდა. მოკლედ რომ ვთქვათ, როდრიგო პალასიოს 2014 წლის მუნდიალის ფინალში რომ ნოიერთან პირისპირ გასულს ახმახი გერმანელისთვის ბურთის თავზე გადაგდება არ მოენდომებინა (ალბათ, გასული დეკადის ყველაზე სულელური ქმედება საფეხბურთო მინდორზე) და დაბლა დაერტყა, ლიონელის ყველა დროის საუკეთესობას ერთხმად აღიარებდნენ მისი მოძულენიც და მოყვარენიც. 

რა იქნებოდა რომ არა მესი? გალაკტიონის შემოქმედებიდან ალუზია რომ მოვიშველიოთ, უმესოდ არც ბარსელონა იმზევებდა ცის კამარაზე და ფეხბურთიც ვერ იქნებოდა ისეთი, რის გამოც ყველას ასე ძალიან გვიყვარს იგი.

8 თვის წინ
2585 / 2
ირაკლი ხასაია
user
MessiDinho10 ბრავო,ბრავო და კიდევ ბრავო ავტორ.დიახაც რომ ყველას აწიოკებდა და მათ შორის გამოცდილ მცველებსაც,მბაპეს აქებენ და სხვა 20 წლის ტალანტებს მაგრამ,გავიხსენოთ რომ მაგ ასაკში მესსის უკვე ოქროდ ბურთები ელაგა რასაც მბაპე და სხვა მაგ ასაკის ფეხბურთელი ჯერ ვერ იოცნებებს.ყველაზე მეტად იმაზე მწყდება გული რომ ინის,ხავის,რობენს და უამრავ სხვას არააქვს ოქროს ბურთი მოგებული და მოდრიჩს აქ მოგებული,არა უფრო სწორად რომ ვთქვათ ( შეტენილი ).
user
poll გამოკითხვა

უნდა დატოვოს თუ არა ლეო მესიმ "ბარსელონა" მომავალ ზაფხულს?

კი
არა
არ ვიცი
სულ პასუხები: 93
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ჟერარდ პიკე, სერხიო ბუსკეტსი, სერხი რობერტო, სამუელ უმტიტი, ანსუ ფატი, რონალდ არაუხო.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ