როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის ახალ სეზონს "ბარსელონა" ხვალ ბელგიურ "ანტვერპენთან" მატჩით გახსნის. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჩავი ერნანდესმა საინტერესო განცხადებები გააკეთა.
"ხვალინდელი სასტარტო შემადგენლობის არჩევა ძალიან გამიჭირდება, რადგან ყველა ფეხბურთელი შესანიშნავად გამოიყურება."
"ყველა ტურნირზე კარგად თამაში მოგვეთხოვება. ეს "ბარსელონასთვის" ნაცნობი წნეხია. გასულ სეზონში ლა ლიგა ბევრწლიანი პაუზის შემდეგ მოვიგეთ და ეს აჩვენებს, რომ სწორ გზაზე ვართ. ახლა საკუთარი შესაძლებლობები ევროპაში უნდა დავამტკიცოთ."
"ბეტისთან" მატჩი სამომავლო მაგალითი უნდა იყოს. გუნდიც და გულშემატკივრებიც გასაოცრები იყვნენ."
"რა თქმა უნდა, ევროსარბიელზე ბევრი რამ გვაქვს დასამტკიცებელი. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ განვითარებას და ფეხბურთელებს მუდამ აღელვებთ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის პერსპექტივა."
"რონალდ არაუხო? ხვალ მისი ჯანმრთელობით გარისკვა უაზრობა იქნებოდა. იგი "სელტას" წინააღმდეგ დაბრუნდება."
"ჩვენი მიზანი ჯგუფიდან პირველი ადგილით გასვლაა. ამის შემდეგ ვეცდებით, რომ პლეი ოფში რაც შეიძლება კარგად ვითამაშოთ."
"კანსელუსა და ბალდეს ფლანგებზე ყოფნა ჩვენ მაღალი დონის გუნდად გვხდის. განაპირა მცველებით კმაყოფილი ვარ."
"ჟოაუ ფელიქსმა აქ ყოფნის პირველ დღეებში თავისი ხასიათი გამოავლინა და ამიტომაც მოხვდა "ბეტისთან" მატჩის სასტარტოში. ვნახოთ, ხვალ რა მოხდება," - თქვა ჩავიმ.
ესპანურ-ბელგიური ჯახი თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.