1 წლის და 2 თვის წინ
"ასეთ ფორმაში არასდროს ვყოფილვართ" - ჩავიმ მატჩი შეაფასა
"ასეთ ფორმაში არასდროს ვყოფილვართ" - ჩავიმ მატჩი შეაფასა

როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის 2023/2024 წლების სეზონი "ბარსელონამ" ბელგიური "ანტვერპენის" ხუთბურთიანი სხვაობით დამარცხებით გახსნა.

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ჩავი ერნანდესმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. გთავაზობთ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მთავარი მწვრთნელის ყველაზე საინტერესო განცხადებებს:

"ვგრძნობ, რომ ახლა გაცილებით უკეთეს ფეხბურთს ვთამაშობთ."

"გუნდის დონე იზრდება, როცა გიუნდოგანი მოედანზეა. კანსელუ ძალიან კარგია. თამაში შესანიშნავად ესმის რომეუსაც. კუნდე და კრისტენსენიც კი აკეთებენ საგოლე გადაცემებს. ჟოაუ ფელიქსი დიდებულია."

"ასევე ვიმედოვნებ, რომ 1:0-ებსაც ხშირად მოვიგებთ. ყოველთვის ასე არ მოხდება და მატჩებში გასამარჯვებლად მძიმე შრომა მოგვიწევს. ახლა კარგ ფორმაში ვართ, რაც თავდაჯერებას გვაძლევს."

"ჟოაუ ფელიქსს აქვს იმის ტექნიკური უნარები და სათამაშო ინტელექტი, რომ თამაშის ზუსტად ესმოდეს. ის ერთობა, ბედნიერია. ერთადერთი, რაც უნდა გავაკეთოთ, მისთვის შანსის სტაბილურად მიცემაა."

"მას მერე, რაც "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი გავხდი, ასეთ ფორმაში არასდროს ვყოფილვართ."

"თუ ჯგუფში პირველ ადგილზე გავალთ, მით უკეთესი. ვფიქრობ, ჯგუფის ყველაზე რთული შეხვედრა მომდევნო ტურში, "პორტუს" წინააღმდეგ გველოდება."

"ფრენკი დე იონგის ახალი კონტრაქტი? ფრენკი დე იონგს კონტრაქტს დახუჭული თვალებით გავუხანგრძლივებდი. ის ჩვენი საკვანძო ფეხბურთელია. ვფიქრობ, კარიერის საუკეთესო მონაკვეთი აქვს... ფრენკი პროგრესირებს."

"ჩვენმა ნახევარმცველებმა უფრო მეტი გოლი უნდა გაიტანონ. გავი ამას ხშირად აკეთებს. იგი კიდევ მეტს გაიტანს. პაბლო ძალიან დინამიური ფეხბურთელია, მაგრამ პოზიციის შენარჩუნება უჭირს. მას შეუძლია, რომ ირბინოს და ზედიზედ 3 ფეხბურთელი მოაქციოს წნეხის ქვეშ. ხანდახან მისი შეჩერება ჩვენ გვიწევს."

"ჟოაუ ფელიქსს ვუთხარი, რომ ესიამოვნა და მარტივად ეთამაშა. "გაამარტივე შენი თამაში და ძალიან ბევრ გოლს გაიტან," - ასე ვუთხარი."

"დიდებულ ფეხბურთელებს ერთმანეთის კარგად ესმით. რაფინია, ფერანი, ჟოაუ ფელიქსი... ისინი ლევანდოვსკის კარგად უგებენ."

შეგახსენებთ, რომ "ბარსა" H ჯგუფს 3 ქულით ლიდერობს. 3 ქულა აქვს "პორტუსაც", რომელმაც გუშინ დონეცკის "შახტარს" ანგარიშით 3:1 მოუგო. მეორე ტურში ერთმანეთს სწორედ "ლურჯ-ბროწეულისფრები" და "დრაკონები" შეხვდებიან.


Facebook კომენტარები