"ბარსელონას" ცენტრალური მცველი რონალდ არაუხო "კადისთან" გასამართ მატჩს გამოტოვებს.
ურუგვაელმა უკანახაზელმა "ვილიარეალთან" შეხვედრაში ყვითელი ბარათი მიიღო, რომელის მისთვის უკვე მე-5 გახლდათ ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში.
22 წლის ფეხბურთელმა გაფრთხილება ხელით თამაშის გამო დაიმსახურა. მართალია, არაუხოს ეს განზრახ არ გაუკეთებია, მაგრამ თავისი ქმედებით "ყვითელი წყალქვეშა ნავის" სახიფათო შეტევა ჩაშალა.
გასარკვევი ახლა ისაა, თუ ვინ შეცვლის არაუხოს დაცვის ცენტრში. შესაძლოა, მისი ადგილი ჟიულ კუნდემ დაიკავოს, დაცვის მარჯვენა ფლანგზე კი სერხი რობერტომ ითამაშოს.
არსებობს სხვა გზებიც. ერიკ გარსიასაც და მარკოს ალონსოსაც ცენტრალურ მცველად თამაში შეუძლიათ, ამიტომ არ გამოვრიცხოთ, ჩავიმ რონალდის შემცვლელობა ერთ-ერთ მათგანს დააკისროს.
აქვე გეტყვით, რომ "ბარსელონასა" და "კადისის" მატჩი 20 თებერვალს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.