ვიქტორ ოსიმენი ბოლო დღეების ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი ფეხბურთელია. ნიგერიელი თავდამსხმელი იმდენად გააბრაზა "ნაპოლის" ტიკტოკ გვერდის ადმინის მიერ დადებულმა დამცინავმა ვიდეომ, რომ ჯერ ინსტაგრამზე წაშალა "პარტენოპეისთან" ასოცირებული ფოტოების უმრავლესობა, მერე კი კლუბს დაუპირა ჩივილი.
ცხადია, როცა ასეთი მდგომარეობაა, ბევრს გაუელვებდა თავში, რომ 25 წლის ცენტრფორვარდმა კამპანიას რეგიონი შეიძლება მოსალოდნელზე მალე დატოვოს.
ახლა კი SPORT-მა ვიქტორის მიერ 2019 წელს გაკეთებული განცხადება გაგვახსენა, სადაც იგი "ბარსელონაზე" საუბრობდა.
"როცა პატარა ვიყავი, ჩემი საყვარელი გუნდი სამუელ ეტო'ოს "ბარსელონა" იყო.
ეს გუნდი ახლაც ჩემი ფავორიტია," - ამბობდა მაშინ ოსიმენი.
SPORT-ის თქმით, ვიქტორი "ბარსაშიც" ძალიან მოსწონთ, თუმცა იციან, რომ მისი ტრანსფერის განხორციელების სახსრები არ მოეძევებათ. "ბლაუგრანაში" მხოლოდ იმის იმედი შეიძლება ჰქონდეთ, რომ 2025 წელს ოსიმენი თავისუფალი აგენტი გახდება.