logo

7 გაკვეთილი, რაც "ბარსა" - "ატლეტიკოს" მატჩიდან მივიღეთ

7 გაკვეთილი, რაც "ბარსა" - "ატლეტიკოს" მატჩიდან მივიღეთ

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონასა" და მადრიდის "ატლეტიკოს" შორის ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალურ ეტაპზე გამართულმა მატჩმა დიდი ყურადღება დაიმსახურა. ამჯერად გთავაზობთ 7 გაკვეთილს, რომელიც "ბლაუგრანას" მარცხიდან უნდა გამოვიტანოთ.

1. "ბარსელონა" სრულყოფილ მატჩს ვერ ატარებს

"ლურჯ-ბროწეულისფერები" მთელი შეხვედრის მანძილზე დომინირებდნენ. დაახლოებით საწყისი 70 წუთის მანძილზე კატალონიელებს ბურთის ფლობისა და პასების სიზუსტის თითქმის უნაკლო მაჩვენებელი ჰქონდათ, მაგრამ ვითარება მოულოდნელად შეიცვალა.

საბოლოდ მივიღეთ სურათი, რომ "ბლაუგრანა" დამარცხდა იმ თამაშში, რომელშიც მეტოქეზე გაცილებით უკეთეს შთაბეჭდილებას ტოვებდა.

2. დაცვითი ლაფსუსები გუნდს ისევ აზარალებს

"ბარსას" თავდამსხმელები მატჩისას მოწოდების სიმაღლეზე იმყოფებოდნენ, თუმცა მათი გარჯა უკანახაზელებმა წყალში ჩაყარეს.

ბოლო 11 მატჩში კატალონიელებმა კარი მშრალად მხოლოდ 2 შემთხვევაში შეინახეს. გამონაკლისი არც გუშინდელი ჯახი გამოდგა. ცენტრალური მცველების აუხსნელმა ქმედებებმა "როხიბლანკოს" სამი გოლი აჩუქა, რომელთაგან ბოლო გადამწყვეტი გამოდგა.

3. მესი უკეთეს შედეგს იმსახურებდა

70-ე წუთამდე ამბიციური "ბარსა" ლიდერობდა და მას სათავეში მშიერი მესი ედგა. ლეოს ძალიან უნდოდა ფინალში "კლასიკო" შემდგარიყო. 51-ე წუთზე "ლა პულგამ" ანგარიში გაათანაბრა და გოლი ემოციურად აღნიშნა. მან მალევე დუბლიც შეასრულა, მაგრამ ვარმა შედეგიანი დარტყმა გააუქმა.

ფეხბურთი სასტიკი სპორტია და ლიონელმა ეს თავის თავზე კიდევ ერთხელ გამოსცადა. თუ ვინმე გუშინ ფინალში გასვლას იმსახურებდა, ეს სწორედ მესი გახლდათ.

4. ტერ შტეგენი ერთადერთია

ბოლო სეზონებში "ბარსამ" გერმანელი კიპერის წყალობით უამრავი ქულა მოაგროვდა. "როხიბლანკოსთან" ჯახში მარკს ბრაზილიელი მეკარე, ნეტო ცვლიდა, თუმცა ტერის დანაკლისი გადამწყვეტი აღმოჩნდა.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ მადრიდელთა ბოლო ორი გოლი სწორედ 30 წლის კარის დარაჯის კისერზეა. ჯერ მან აბსოლუტურად გაუზრებელი ქმედებით პენალტი აიკიდა ვიტოლოსთან შეჯახების შემდეგ, მერე კი კორეას ცუდი დარტყმის დროს ხელი ჯეროვნად ვერ გაამაგრა და ბურთი კარში შევარდა.

5. ბუსკეტსი - მეტოქის ნახევარზე თამაშის მეფე

მიუხედავად იმისა, რომ სერხიო ასაკში შედის და მისი თამაშის დონეც იკლებს, მან გუშინ კიდევ ერთხელ გვანახა კლასი. ის, თუ როგორ ატარებდა გამჭოლ გადაცემებს ხაზებს შორის და როგორ იბრუნებდა ესპანელი ბურთს, ნამდვილად აღფრთოვანების ღირსი გახლდათ.

ვალვერდემ იგი 86ე წუთზე შეცვალა, როცა ანგარიში თანაბარი იყო. რამდენიმე წამში "ბარსას" ნახევარდაცვის ცენტრი ჩავარდა და ანხელ კორეა მეკარესთან პირისპირ დარჩა, რამაც გოლი მოიტანა. ყველაფერი ცხადია...

6. ვიდალი - პრესინგის დიდოსტატი

როცა "ასულგრანა" მოწინააღმდეგეს აგრესიულად აპრესინგებს, ვიდალი შეუფასებელი იარაღი ხდება. ჩილელი ნახევარმცველის დიდებულმა ასპარეზობამ გამოიწვია ის, რომ მეორე ტაიმში კატალონიელთა თამაშის ხარისხი საგრძნობლად გაუმჯობესდა.

სათქმელია ისიც, რომ მესის პირველი გოლის დროს გამამწვავებელი ჩაწოდება სწორედ არტურომ გააკეთა.

7. თანამედროვე ფეხბურთმა "ბარსელონა" სამარცხვინოდ დააზარალა

ესპანეთის სუპერთასის ახალმა ფორმატმა კატალონიელებს ცუდის მეტი არაფერი მოუტანა. საუდის არაბეთში ჩატარებულმა გათამაშებამ, რომელიც წმინდა ფინანსური ოპერაცია გახლდათ, "ბარსა" უბრალოდ გაანადგურა.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ვიდეორეფერის ქმედებებიც, რომელმაც "ბლაუგრანას" ორი გოლი არ ჩაუთვალა, თანაც საკმაოდ საკამათო სიტუაციებში.

ასეა თუ ისე, ესპანეთის სუპერთასი "ბარსელონასთვის" დასრულებულია და კლუბმა ახლა სხვა ტურნირებზე უნდა იფიქროს.

დაემატეთ ბარსელონას ქართველი ქომაგების ფეისბუქ ჯგუფში

2 თვის წინ
773 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

რას ფიქრობთ, განვითარდება თუ არა "ბარსელონა" სეტიენის ხელში?

კი
არა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 722
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

სუარესი, დემბელე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ