"ბარსელონას" გერმანელმა გოლკიპერმა მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა ESPN-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა.
გთავაზობთ ყველაზე საინტერესო ნაწყვეტებს აღნიშნული ინტერვიუდან:
"დასვენება ზაფხულში? ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. დასვენების გარეშე 3 წელი გავატარე და ამან თავისი კვალი ბევრნაირად დამატყო. საბოლოო ჯამში, ბედნიერი ვარ, რომ დრო მომეცა და ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა."
"ჩავის მოსვლიდან ერთ წელზე მეტი გავიდა. მრავალი რამე შეიცვალა. გამოვარჩევდი მენტალიტეტსა და დაცვის სტილს."
"პიკეს წასვლამ გააჩინა საჭიროება, რომ რამდენიმე ფეხბურთელი წინ წამოსულიყო. ეს საკმაოდ რთული იყო, რადგან ჟერარმა დიდი სიცარიელე დატოვა როგორც გასახდელში, ასევე მოედანზე, კაპიტნის რანგში."
"არაუხო ერთ-ერთი ფეხბურთელია, რომელსაც სიცარიელე უნდა ამოევსო. ასეთივეა ლევანდოვსკიც, რომელიც ახალწვეულია, მაგრამ ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს დიდი ხანია აქაა. რობერტი ესპანურ ენასაც პირველივე დღიდან აუმჯობესებს."
"ფრენკი დე იონგს გუნდისთვის ბევრი რამ მოაქვს. მასზე მაღალი წარმოდგენის ვარ, თუმცა კიდევ უფრო მეტს ველოდები, რადგან ძალიან დიდი ტალანტის პატრონია. ის ფეხბურთს განსხვავებულად უყურებს და განსხვავებულად შეიგრძნობს."
"დე იონგს გავისა და პედრის მსგავსმა მოთამაშეებმა უნდა მიბაძონ. ვიმედოვნებდი, რომ ფრენკი დარჩებოდა, რამეთუ მისნაირ ფეხბურთელს ჩემს გუნდში ყოველთვის ვისურვებდი."
"რა თქმა უნდა, იყო ბევრი ჭორი და მითქმა-მოთქმა, მაგრამ მაბედნიერებს, რომ დე იონგი დარჩა. მისი წასვლა არ მინდა. მსურს, აქ სამუდამოდ იყოს."
"პედრი და გავი? ისინი ინდივიდუალურად მუშაობენ ვიდეოანალიზების დახმარებით. ეს ასეც უნდა იყოს, რადგან არ აქვს მნიშვნელობა, 18 წლის ხარ თუ 30-ის, შენ ყოველთვის პროგრესისკენ უნდა ილტვოდე შენს საქმეში."
"გავი და პედრი არ უნდა იყვნენ კმაყოფილნი იმით, რასაც აღწევენ. ასეთ პატარა ასაკში, მათ პასუხისმგებლობის დიდი გრძნობა აქვთ საკუთარი თავისა და გუნდის მისამართით. ისინი თავს უვლიან, კარგად სძინავთ... ყველაფერი პატარა დეტალებში იკითხება."
"გავი ვარჯიშებზე ისეთივე აგრესიულია, როგორც მატჩებში."
"პაბლოს არ ადარდებს, მისი მეტოქე სიმაღლეში 2 მეტრია თუ არა. ის ყველა ბურთისთვის იბრძვის და ეს კარგი სანახავია."
შეგახსენებთ, რომ ტერ შტეგენი კარიერაში საუკეთესო სეზონს ატარებს. მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 29 მატჩში მან 20 გოლი გაუშვა და კარი მშრალად 17-ჯერ შეინახა.