როგორც მოგეხსენებათ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსელონამ" გადაწყვიტა, ჟოაუ ფელიქსი მიმდინარე სეზონის შემდეგაც შეინარჩუნოს.
კატალონიელთა სურვილებს ხელი შეიძლება მადრიდის "ატლეტიკომ" შეუშალოს, რადგან "როხიბლანკოს" პორტუგალიელ თავდამსხმელში 80 მილიონი ევროს მიღება სურს.
SPORT-ის ცნობით, "ინდიელები" თანახმანი იქნებიან, რომ თანხა 3 ნაწილად მიიღონ. თითოეული გადახდა 25 მილიონ ევროზე მცირედით მეტი იქნება.
მიუხედავად ამისა, "ბარსელონაში" 23 წლის შემტევის სანაცვლოდ 80 მილიონის გაღება სწორ ინვესტიციად არ მიაჩნიათ.
"ლურჯ-ბროწეულისფერთათვის" ყველაზე სასურველი ვარიანტი გახლავთ ის, რომ "ატლეტიკოს" კიდევ ერთი იჯარა შეუთანხმონ. ისევ ერთწლიანი იჯარა "ატლეტიკოსთვის" მეტ ამორტიზაციას ნიშნავს, რაც 2025 წლისთვის, ფელიქსის ფასს საგრძნობლად შეამცირებს.
ესპანური გამოცემის პროგნოზით, ეს ფასი 40 მილიონ ევროს ფარგლებში იქნება.
შეგახსენებთ, რომ ფელიქსმა "ბარსას" მაისურით ჩატარებულ 8 მატჩში 3 გოლი და 3 ასისტი მიითვალა.