"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა, "მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩამდე ერთი დღით ადრე გამართულ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
"ეს დიდებული მატჩი იქნება, მაგრამ ორივე გუნდი სეზონის საუკეთესო თამაშს აჩვენებს. ვფიქრობ, ტენ ჰაგმა გუნდის ფორმა შეცვალა. ნიდერლანდელი ბრწყინვალე სამუშაოს ეწევა, შემტევ ფეხბურთს თამაშობს.
"ბარსელონაში" გამოწვევები ყოველკვირას გვხვდება. დამატებითი წნეხი არ არსებობს. საუკეთესოდ უნდა ვითამაშოთ და გამარჯვების სურვილი გამოვავლინოთ.
ხვალინდელი მატჩისგან ინტენსიურობას ველოდები. გვინდა ვაჩვენოთ, რომ უმაღლესი დონის ევროპულ კლუბებთან საბრძოლველად მზად ვართ.
არაუხოს მეურვეობა რაშფორდზე? მსგავს რაღაცებზე საუბარი არ მინდა. რაშფორდის გარდა, სხვა ფეხბურთელების შეჩერებაც მოგვიწევს.
ორმატჩიანი დუელის ბედი "ოლდ ტრაფორდზე" გადაწყდება. ძალიან თანაბარ შეხვედრებს ველი, მინიმალური სხვაობით დასრულებულს. ხვალ ძალიან ცოტა რამ გაირკვევა. სამწუხაროა, რომ განმეორებითი მატჩი "კამპ ნოუზე" არ იქნება.
ვფიქრობ, "კამპ ნოუ" ხვალ სავსე იქნება. მაღალი დონის ევროპულ დაპირისპირებას ვიხილავთ.
არ ვფიქრობ, რომ ევროპა ლიგის მოგების ფავორიტები ვართ. აქ სხვა ძლიერი გუნდებიც არიან და კონკურენცია დიდია.
რაშფორდი ახლა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო შემტევია. მას დიდ ყურადღებას დავუთმობთ, მაგრამ დანარჩენ 10 ფეხბურთელსაც არ დავივიწყებთ.
ჩემპიონთა ლიგაზე არყოფნის გამო ისევ გაბრაზებული ვარ. იმ ტურნირზე ჩვენ ყოველთვის უნდა ვიყოთ. ახლა რეალობას უნდა შევეგუოთ და წინსვლა განვაგრძოთ.
"აინტრახტთან" შარშან დაშვებულ შეცდომას ვერ გავიმეორებთ. შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ.
ვეცდებით, ევროტურნირზეც ისე ვითამაშოთ, როგორც ჩემპიონატში ვთამაშობთ. მართალია, აქამდე არც ისე კარგად გამოვიყურებოდით, თუმცა ხვალ ბევრი რაის გამოსწორება შეგვეძლება.
ტენ ჰაგი დიდებული სპეციალისტია. "იუნაიტედის" მდგომარეობის შემოტრიალება იოლი საქმე არ იყო. ვფიქრობ, ახლა ის წარმატებას აღწევს. მათ შეტევაში ბევრი რამ შეცვალეს და სათამაშო სტილი განაახლეს. ტენ ჰაგი შემტევი ფეხბურთის მქადაგებელია," - თქვა ჩავიმ.
შეგახსენებთ, რომ ევროპა ლიგის 1/16-ფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 21:45 საათზე დაიწყება.