როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონა" ხვალ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურის მატჩს ჩაატარებს და შინ დონეცკის "შახტარს" დაუპირისპირდება.
"ბლაუგრანას" მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. გთავაზობთ "მაესტროს" ყველაზე საინტერესო განცხადებებს:
"ჩვენთვის ეს საკვანძო შეხვედრაა, რომელიც მერვედფინალისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმის საშუალებას მოგვცემს. ეს ქულები გადამწყვეტია. მეტოქე რთული, დინამიური და უშიშარი გახლავთ. მარტივი არაფერი იქნება."
"არის თუ არა შანსი იმისა, რომ რომელიმე ტრავმირებულმა "კლასიკოსთვის" გამოჯანმრთელება მოასწროს? ხვალისთვის ისინი 100%-ით მზად არ არიან, შემდეგ კი ვნახოთ. მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი იმის თაობაზე, რომ შაბათს ვინმე იქნება ხელმისაწვდომი, თუმცა ეს არაფერს ცვლის."
"ველოდი თუ არა პედრის რეაბილიტაციის პროცესის ასე გაწელვას? ჩვენ რეციდივის თავიდან აცილებას ვცდილობთ. მენტალურ დონეზე ეს კატასტროფა იქნებოდა. პირველი დღიდან მოყოლებული, ყველაფერი დროულად კეთდება."
"მსაჯები? ისინი მარტო უნდა დავტოვოთ. დარწმუნებული ვარ, ისინი ხან ჩვენს საწინააღმდეგოდ ცდებიან, ხან ჩვენს სასარგებლოდ, მაგრამ მათ უნდა დავეხმაროთ. არბიტრების გულწრფელობისა მჯერა. არ მომწონს, როცა მათ ბრალდებებს უყენებენ."
"ამ მატჩს ახალგაზრდული გუნდის 8 წევრთან ერთად ვხვდებით? რაც არის, ეს არის. აქ საწუწუნოდ არ ვართ."
"მარკ გუიც, ლამინეც და ფერმინიც თავმდაბლები არიან. ეს ქმნის განსხვავებას. ვარჯიშზე ყველა ბოლომდე იხარჯება."
შეგახსენებთ, რომ ესპანურ-უკრაინული დაპირისპირება ხვალ, თბილისის დროით 20:45 საათზე დაიწყება.