logo

6 საუკეთესო მომენტი ლიონელ მესის კარიერაში

6 საუკეთესო მომენტი ლიონელ მესის კარიერაში

დიახ, არ გეჩვენებათ, შევეცდებით, რომ ლიონელ მესის კარიერაში ექვსი მომენტი გამოვყოთ.

ამიტომ წინასწარ შეეგუეთ, რომ უამრავი, უამრავი ეპიზოდი დაგაკლდებათ, მაგრამ რას ვიზამთ, ლეოს სრული რეგალიების ჩამოთვლას ათეულობით სტატიაც არ ეყოფა.

1. ოლიმპიური ოქროს მედელი 2008 წელს

ერთადერთი ტიტული, რაც ლეომ არგენტინის ეროვნულ ნაკრებთან ერთად მოიგო.

იმ ფორმაციის გუნდში ლა პულგას გვერდს ანხელ დი მარია, პაბლო საბალეტა, ფერნანდო გაგო, ხუან რომან რიკელმე, კუნ აგუერო უმშვენებდნენ, ევენ ბანეგა და ეზეკიელ ლავეცი კი შეცვლაზე ერთვებოდნენ თამაშში...

ღმერთო, რანაირად მოახერხა ამ გუნდმა, რომ ფინალი მხოლოდ ერთბურთიანი სხვაობით მოეგო?!

მეორე ფინალისტის, ნიგერიის ცენტრფორვარდი პიტერ ოდემვინგი იყო, რომელიც ახლა 32 წლისაა და კარიერაში სულ 44 გოლი აქვს გატანილი...

2. 2009 წელი მთლიანად

ლა ლიგა, კოპა დელ რეი, ჩემპიონთა ლიგა, ესპანეთის სუპერთასი, ევროპის სუპერთასი, საკლუბო მუნდიალი, პირველი ოქროს ბურთი, უეფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის პირველი ჯილდო, ლა ლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელის პირველი პრიზი

2009 წლისთვის მესის "ბარსას" მაისური 100-ზე მეტჯერ ჰქონდა მორგებული და 30 გოლიან ნიშნულსაც გამცდარი იყო, მაგრამ ეს წელი გარდამტეხი აღმოჩნდა.

ჩემპიონთა ლიგის ამავე წლის ფინალში არგენტინელმა გაიტანა გოლი, რომელსაც ახლაც თავის კარიერაში საუკეთესოდ მიიჩნევს.

3. ნახევარფინალი მადრიდის "რეალთან" 2011 წელს

თავისთვის მესამე ჩემპიონთა ლიგის ტიტულის გზაზე არგენტინელ გენიოსს ჟოზე მოურინიოს "რეალი" გადაეღობა.

ლეოს "ბლანკოსთან" ბოლო 6 მატჩიდან 4-ში გოლი ჰქონდა გატანილი, მაგრამ მისმა ბოლო პერფომანსმა მაინც ყველა მოლოდინს გადააჭარბა.

პირველი გოლი იბრაიმ აფელაის ჩაწოდების შემდეგ მესიმ ერთი შეხებით შეაგდო, მერე კი მოხდა, ის რაც მოხდა...

ლიონელმა ბურთი მოედნის ცენტრთან ახლოს მიიღო და დრიბლინგით დაიძრა მეტოქის კარისკენ, გზაში 4 მცველს ჩაუქროლა, იკერ კასილიასიც გაწბილებული დატოვა და მარჯვენა ფეხით შეაცურა კარის ბადეში.

სამწუხაროა, რომ ეს ულამაზესი სლამომი ფეხბურთის ქომაგებში ჯეროვნად არც კია დაფასებული.

4. 50 გოლიანი ზღაპარი

ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის ტიტული 56-ჯერ იყო გაცემული, მაგრამ 40 გოლზე მეტის გატანით ეს ჯერ არავის გაეკეთებინა.

2010/11 წლების სეზონში მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა მონსტრმა, კრიშტიანუ რონალდუმ თამასა 41 შედეგიან დარტყმამდე აწია.

მომდევნო სეზონში კი მესიმ 50 გოლი შეაგდო... 50.... უფალო...

ლეოს ანგარიშზე 8 ჰეთ-თრიქი გახლდათ, აქიდან 2 პოკერამდე კვალიფიცირდა.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დისკვალიფიკაციის გამო "ლა პულგამ" "სპორტინგ ხიხონთან" მატჩი გამოტოვა და იმასაც, რომ ამ გუნდმა გათამაშება 69 გაშვებული ბურთით დახურა, მესის შედეგის კიდევ უფრო გაუმჯობესება შეეძლო.

5. ლა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირობა 

"ოჰ, რა თქმა უნდა, ის ხომ თინეიჯერობიდან ლა ლიგაშია და ახლა 32 წლისაა! ამიტომ პრიმერას ბომბარდირობა არ გაუჭირდებოდა..."

ამის მთქმელს ავიწყდება, რომ სარეკორდო ნიშნულს ლეომ 27 წლის ასაკში, "სევილიასთან" შესრულებული ჰეთ-თრიქით გადააბიჯა.

ახლა მესი მეორე ადგილზე მყოფ კრიშტიანუ რონალდუს 100 გოლით უსწრებს, ყოფილ რეკორდსმენ ტელმო სარას კი მან  200-ზე შედეგიანი დარტყმით გადაასწრო.

6. მე-6 ოქროს ბურთი

ბოლო წლებში ლეოსთვის ისტორიული მომენტები ნაკლებად გვაქვს. იყო ფინალები, მაგრამ არც ისე მნიშვნელოვანი ტურნირების, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ის 2015 წლის შემდეგ არ გასულა, მსოფლიო ჩემპიონატზე კი... მოდი, მსოფლიო ჩემპიონატზე არ გვინდა საუბარი.

იყო "პსჟ-სთან" საოცარი ქამბექი, მაგრამ, გულახდილები ვიყოთ, ამაში უფრო დიდი როლი ნეიმარმა ითამაშა და ისედაც, "იუვენტუსთან" შემდეგ ეტაპზე განადგურებამ ყველაფერს ხაზი გადაუსვა.

ამ ფონზე კი 2019 წლის ოქროს ბურთის მოგება და რონალდუსთვის გადასწრება, რომელიც, ასაკის გამო ალბათ მეტჯერ ვეღარ აიღებს ამ ჯილდოს... ნუ, ასეთი თამამიც ვერ ვიქნები, კრიშტიანუს ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე, მაგრამ, მოდი, გავრისკავ.

ლეოს კიდევ ერთელ შეახსენეს, რომ მსოფლიოს ის უყვარს და აფასებს, ხოდა, ძალიან კარგიც ქნეს!

3 დღის წინ
285 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

რას ფიქრობთ, განვითარდება თუ არა "ბარსელონა" სეტიენის ხელში?

კი
არა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 724
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

სუარესი, დემბელე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ