რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ევროპა ლიგის 1/16-ფინალური ეტაპის პირველი მატჩი, რომელშიც "ბარსელონა" "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუზავდა, ანგარიშით 2:2.
შეხვედრის ყველა გოლი მეორე ტაიმში გავიდა. კატალონიელები ჯერ მარკოს ალონსომ დააწინაურა, შემდეგ უპირატესობა ხელთ "ემიუმ" იგდო მარკუს რაშფორდისა და კუნდეს (ავტოგოლი) წყალობით, საბოლოო რეზულტატი კი რაფინიამ დააფიქსირა.
მიუხედავად არც თუ ისე ცუდი შედეგისა, "ბლაუგრანასთვის" "წითელ ეშმაკებთან" მატჩი მაინც დიდი დარტყმის მიმყენებელი გამოდგა.
საქმე იმაში მდგომარეობს, რომ "ბარსას" 20 წლის ნახევარმცველმა პედრი გონსალესმა ტრავმა მიიღო. მას მოედნის პირველ ტაიმში დატოვება მოუხდა.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, პირველადი დათვალიერება იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ ესპანელ ვარსკვლავის "ემიუსთან" განმეორებით შეხვედრაში მონაწილეობის შანსი ძალიან მცირეა.
Catalunya Radio კი წერს, რომ პედრი 3-4 კვირას გამოტოვებს.
უფრო მეტი რამის თქმა პედრის დაზიანების გამოკვლევის შემდეგ შეგვეძლება, თუმცა პირველადი პროგნოზი ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა.
აქვე გეტყვით, რომ "ოლდ ტრაფორდზე" ინგლისური და ესპანური გრანდები ერთმანეთს 23 თებერვალს შეერკინებიან.