ლუის სუარესი "ინტერ მაიამიში" გადასვლას დასთანხმდა - იუწყება El Pais.
ურუგვაელი თავდამსხმელი ფლორიდელებთან კონტრაქტს დეკემბრის ბოლოს გააფორმებს, როცა აშშ-ში გაემგზავრება. იგი გუნდს 2024 წლის დასაწყისიდანვე შეუერთდება.
დევიდ ბექჰემის კლუბში "ელ პისტოლეროს" 3 ყოფილი თანაგუნდელი დახვდება: ლიონელ მესი, სერხიო ბუსკეტსი და ჟორდი ალბა. მაიამიში ჩასულ ვარსკვლავებს გაისად შეიძლება სერხი რობერტო და ლუკა მოდრიჩიც შეუერთდნენ.
ადრე გავრცელებული ცნობების თანახმად, სუარესი კარიერის დასრულებასაც განიხილავდა, რისი მიზეზიც მუხლის არეში ტკივილი გახლდათ. როგორც ჩანს, ლუისმა გადაწყვიტა, რომ ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდება კიდევ ცოტა ხნით გადადოს.
ცნობისთვის, "ბარსელონას" ლეგენდა ბოლოს ბრაზილიურ "გრემიოში" ასპარეზობდა. იქ მან 45 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 19 გოლი და გააკეთა 15 საგოლე გადაცემა.