1 წლის და 9 თვის წინ
"მსაჯს ეს ვუთხარი" - ჩავის კომენტარი "მანჩესტერთან" მატჩის შემდეგ
"მსაჯს ეს ვუთხარი" - ჩავის კომენტარი "მანჩესტერთან" მატჩის შემდეგ

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" ფრედ დასრულებული შეხვედრა შეაფასა.

43 წლის სპეციალისტმა განსაკუთრებული ყურადღება მთავარი არბიტრის გადაწყვეტილებებს დაუთმო.

"ვფიქრობ, თანაბარი მატჩი ვიხილეთ. ორივე გუნდს ჰქონდა შანსები.

საგოლე მომენტები ჩვენ შეხვედრის ბოლოს შევქმენით. თამაში იმ შეგრძნებით დავამთავრეთ, რომ გამარჯვების გოლი უნდა გაგვეტანა. ყველაფერი "ოლდ ტრაფორდზე" გადაწყდება.

პედრის დისკომფორტი ბარძაყის კუნთზე აქვს.

რაფინიამ ბოდიში მოიხადა შეცვლის შემდეგ გამოხატულ რეაქციაზე. მისი მესმის. ვფიქრობ, ნორმალურია, რომ ის უკმაყოფილო იყო, მაგრამ გუნდისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებებს ვიღებ.

მთავარ მსაჯს ვუთხარი, რომ პენალტი დასანიშნი იყო, რადგან ხელი ბუნებრივ პოზიციაში არ ყოფილა. მსაჯის თქმით, პენალტი იმიტომ არ დადო, რომ ხელი ფეხბურთელს ტანთან ახლოს ჰქონდა. ჩემთვის, ეს აშკარა თერთმეტმეტრიანია," - განაცხადა "მაესტრომ".

ნახსენები ეპიზოდი მაშინ მოხდა, როცა ანგარიში 2:2 გახლდათ. "მანჩესტერ იუნაიტედის" ბრაზილიელ ნახევარმცველ ფრედს ბურთი საჯარიმოში ყოფნისას ხელზე მოხვდა, თუმცა შეხვედრის არბიტრმა პენალტი არ დადო.

აქვე შეგახსენებთ, რომ "ბარსას" მხრიდან გოლები მარკოს ალონსომ და რაფინიამ გაიტანეს, "წითელი ეშმაკების" გოლები კი მარკუს რაშფორდისა და ჟიულ კუნდეს (ავტოგოლი) ანგარიშზეა.


Facebook კომენტარები