"ბარსელონას" ბრაზილიელი გარემარბი რაფინია "მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ. 26 წლის ფეხბურთელმა დაცვაში დიდი სამუშაო გასწია და 76-ე წუთზე მახვილგონივრული დარტყმითაც გაიტანა.
მიუხედავად ბრწყინვალე თამაშისა, რაფინიას მოედანზე 90 წუთის გატარების საშუალება მაინც არ მიეცა. ჩავიმ იგი ფერან ტორესით შეცვალა. "მაესტროს" გადაწყვეტილებით უკმაყოფილო ბრაზილიელმა საკუთარი ბრაზი აშკარად გამოხატა და სათადარიგოთა სკამს მუშტები დაუშინა.
"ბარსას" თავკაცმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ გუნდის 22 ნომრის ესმოდა და მას არ უბრაზდებოდა. მიუხედავად ამისა, რაფინიამ მობოდიშება მაინც საჭიროდ ჩათვალა.
"მწვრთნელს უკვე ვესაუბრე, მაგრამ მინდა შესაძლებლობით ვისარგებლო და ყველას ბოდიში მოვუხადო: მწვრთნელს, ფერანს, რომელსაც ჩემს პოზიციაზე უნდა ეთამაშა, გუნდს, გულშემატკივრებს.
არის მომენტები, როცა ძალიან გვინდა მოედანზე ყოფნა, რათა გუნდს გამარჯვებაში დავეხმაროთ. მსგავსი რაღაცები ასეთ დროს ხდება. ადამიანები ვართ. ყველას გვაქვს ემოციები, რომლებსაც ვერ ვაკონტროლებთ. ვიცი, რომ შეცდომა დავუშვი და იქ იმიტომ ვარ, რათა ყველას მოვუბოდიშო და ვთქვა, რომ ეს აღარ განმეორდება.
მწვრთნელმა მითხრა, რომ ყველაფერი რიგზეა და მშვიდად ვიყო. ის თავადაც ფეხბურთელი იყო, ამიტომ მსგავსი საკითხები ესმის. მას ბოდიში უკვე ვუთხარი, ხვალ კი გუნდს მოვუბოდიშებ," - თქვა რაფინიამ.
შეგახსენებთ, რომ "ბლაუგრანასა" და "ემიუს" შორის გამართული შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა.