"ბარსელონამ" უკანასკნელი 3 მატჩიდან 2 წააგო და იმ 1 მოგებულშიც ისე ითამაშა, რომ მარცხს გამარჯვებაზე მეტად იმსახურებდა. შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ფეხბურთელებთან შეხვედრაში მონახა.
Diario AS-ის ინფორმაციით, ჩავი ერნანდესს მოთამაშეებთან 45-წუთიანი თათბირი ჰქონდა, სადაც არსებულ სიტუაციაზე ისაუბრეს.
"ლურჯ-ბროწეულისფერთა" მესაჭეს თავისი შეგირდების აზრების გაგება სურდა. გასახდელიდან გამომავალი წყაროები ამბობენ, რომ შეხვედრას დადებითი ეფექტი ჰქონდა და რამდენიმე ფეხბურთელმა თავისი პოზიცია ხმამაღლა გამოხატა.
განსაკუთრებით აქტიურები მარკ ანდრე ტერ შტეგენი და რონალდ არაუხო იყვნენ. გაისმა ისეთი ვეტერანების შეხედულებებიც, როგორებიც რობერტ ლევანდოვსკი და ილქაი გიუნდოგანი არიან.
კატალონიურ გრანდში იმედოვნებენ, რომ ამ შეხვედრას გუნდის თამაშზე პოზიტიური გავლენა ექნება.
ცნობისთვის, მომდევნო შეხვედრა კატალონიელებს კვირას, თბილისის დროით 19:15 საათიდან, "ალავესის" წინააღმდეგ ელოდებათ.