2 წლის და 2 თვის წინ
"ბარსელონა" v არგენტინა - შესაძლო მატჩი "კამპ ნოუზე"
"ბარსელონა" v არგენტინა - შესაძლო მატჩი "კამპ ნოუზე"

"ბარსელონას" ხელმძღვანელობის წევრებს არაერთხელ უთქვამთ, რომ ლიონელ მესისთვის საკადრისი გამოსამშვიდობებელი მატჩის ჩატარებას ისურვებდნენ. ქომაგების კიდევ ერთხელ ნახვის დიდი სურვილი აქვს თავად ლეოსაც, რაც ამ იდეის რეალობად ქცევასთან კიდევ უფრო აახლოვებს.

ამ მატჩის ჩატარების ყველაზე საინტერესო სცენარს გვთავაზობს Twitter-ის მომხმარებელი, memorabilia1899, რომლის ნააზრევიც "ბარსასთან" დაკავშირებულმა წამყვანმა გვერდებმა აიტაცეს.

"ბარსელონას" შეუძლია 2024 წელს უმასპინძლოს მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, არგენტინის ნაკრებს. მატჩი განახლებულ "კამპ ნოუზე", კლუბის დაარსებიდან 125 წლის თავზე უნდა გაიმართოს. ეს არის ვარიანტი, რითაც მესის სახლში დაბრუნება შესაძლებელი გახდება.

მესის შეეძლება, რომ ახალ "კამპ ნოუზე" მსოფლიო ჩემპიონატის თასი და თავისი 8 ოქროს ბურთი წარადგინოს. 

არგენტინელი პირველ ტაიმს არგენტინის ნაკრების მაისურით ითამაშებდა, მეორე ნახევარში კი "ბარსას" მაისურს მოირგებდა.

კლუბი მესისთან დამშვიდობებისა და განახლებული სტადიონის გახსნის დამთხვევით ახალი ეპოქის დაწყებას გამოაცხადებს," - ვკითხულობთ პოსტში.

შეგახსენებთ, რომ საფეხბურთო კლუბ "ბარსელონას" 125-ე იუბილე 2024 წლის 29 ნოემბერს აღინიშნება.


Facebook კომენტარები