logo

3 ფეხბურთელი, რომელსაც "ბარსელონაში" მესის შეცვლა შეეძლება

3 ფეხბურთელი, რომელსაც "ბარსელონაში" მესის შეცვლა შეეძლება

ლიონელ მესის როლი "ბარსელონას" ისტორიაში იმდენად დიდია, რომ მას პარალელი არც მოეპოვება. მიუხედავად ამისა, ლეო უკვე 33 წლისაა და თანდათან ნათელი ხდება, რომ "ბლაუგრანას" მისი შემცვლელის მოძებნა დასჭირდება.

რა თქმა უნდა, არავის აქვს იმის ილუზია, რომ "ბარსა" იპოვის ვინმეს, ვინც "ლა პულგას" ადგილს მთლიანად დაიკავებს, მაგრამ "ლურჯ-ბროწეულისფერები" ახალგაზრდა ლიდერის პოვნას მაინც უნდა ეცადონ.

სპორტულმა ვებ-საიტმა Thehardtackle.com-მა შემოგვთავაზა 3 კანდიდატი, რომელსაც მომავალში ოქროს ბურთის ექვგზის მფლობელის "ბარსელონური" მემკვიდრეობის გაგრძელებაზე ექნება პრეტენზია.

1. აკადემიის პროდუქტი - ანსუ ფატი

ანსუ "ბარსას" ძირითად გუნდში სეზონის სტარტზე ქარიშხალივით შემოიჭრა და პრაქტიკულად ისეთი გზა განვლო, როგორიც ლეომ - ორივე მათგანი ახალგაზრდული გუნდიდან 16 წლის ასაკში იქნა დაწინაურებული.

ფატი "ბარსას" კაპიტანს რეაქტიული სისწრაფითა და მეტოქის მცველებისთვის თავგზის აბნევის უნარითაც ჰგავს, მაგრამ მას აშკარად აკლია მოედნის ხედვა, რომელიც მესის ადრეული ხანიდანვე მოჭარბებულად ჰქონდა.

მიუხედავად ამისა, თუ გვიენა-ბისაეულმა გაცემული ავანსები გაამართლა, "ბლაუგრანა" საოცარ ფეხბურთელს მიიღებს, თანაც "ლა მასიიდან" და ამისთვის მილიონების დახარჯვა არ დასჭირდება.

2. ძვირადღირებული შენაძენი - ჯეიდონ სანჩო

დორტმუნდის "ბორუსიას" ვარსკვლავი თითქმის ყველა ევროპული გრანდის რადარზეა და "ბარსას" მისი ხელში იოლად ჩაგდება გაუჭირდება.

20 წლის ინგლისელი უკვე დიდი ხანია ყურადღების ცენტრშია მოქცეული. მიმდინარე სეზონში ჯეიდონმა პირდაპირი მონაწილეობა 29 გოლში მიიღო.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე სანჩომ "ბარსელონას" კარის აღებაც მოახერხა მატჩში, რომელიც მისმა გუნდმა 3:1 წააგო.

ვარსკვლავს თანაბარი წარმატებით შეუძლია ფლანგებზე და ცენტრში თამაში, გარდა ამისა, გამოირჩევა კრეატიულობითა და სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარით.

ასეა თუ ისე, "ლურჯ-ბროწეულისფერებმა" ყველაფერი უნდა გააკეთონ მის შესაძენად, რათა კლუბის მომავალს საფრთხე არ შეექმნას.

3. ალტერნატივა - მარკუს რეშფორდი

მიუხედავად იმისა, რომ მარკუსის სახელი ევროპული პრესის გარეკანებზე აქტიურად შორეულ 2016 წელს გამოჩნდა, ის ჯერაც ძალიან ახალგაზრდაა და სულ 22 წლის გახლავთ.

ინგლისელი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფანებს ძალიან უყვართ და თითქოს, იგი "ემიუს" ლეგენდაც უნდა გახდეს, მაგრამ ვინ იცის, "ბარსელონას" შემოთავაზებას ხომ ბევრი ტოპ ფეხბურთელისთვის აურევია გონება.

მიმდინარე სეზონში მარკუსი მარცხენა გარემარბის პოზიციაზე დგას და მან 14 გოლის გატანაც შეძლო პრემიერ ლიგაში, თუმცა რეშფორდისთვის უცხო არც ცენტრფორვარდობაა.

მიუხედავად იმისა, რომ "წითელი ეშმაკები" თითქოს აღმავლობის გზას დაადგნენ, "ოლდ ტრაფორდზე" დარჩენამ მარკუსს მაინც შეიძლება მრავალი წარუმატებელი წელი მოუტანოს. კატალონიაში გადაბარგება კი რეშფორდისთვის ტიტულების გარანტი გახდება.

2 თვის წინ
3667 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

რას ფიქრობთ, განვითარდება თუ არა "ბარსელონა" სეტიენის ხელში?

კი
არა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 1060
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

სუარესი, დემბელე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ