"ბარსელონამ" ლა ლიგის მე-12 ტურში "ალავესს" მოუგო, ანგარიშით 2:1. კატალონიელებმა გოლი შეხვედრის მე-20 წამზე გაუშვეს, თუმცა თამაში მეორე ტაიმში შემოატრიალეს - რობერტ ლევანდოვსკიმ თავი დუბლით გამოიჩინა.
მძიმე ბრძოლაში მოგებული მატჩი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა შეაფასა.
"მეორე ტაიმში გაცილებით უკეთ ვითამაშეთ. დაახლოებით 35 წუთი შესანიშნავი იყო. ორგანიზებულები ვიყავით.
პოზიციურად ცუდები არ ვყოფილვართ, მაგრამ ბურთის ფლობასა და ტრანზიციაში გაგვიჭირდა. პრობლემები შეგვექმნა სამუსთან დაკავშირებითაც.
საუკეთესო ფორმაში ნამდვილად არ ვართ, თუმცა ხასიათი გამოვავლინეთ ისეთი მატჩის მოგებით, რომელშიც ჩვენთვის კარგად საქმე სულაც არ მიდიოდა.
არაუხო ინდივიდუალურად საუკეთესო მცველია ჩვენს შემადგენლობაში.
სანაკრებო პაუზა გამოგვადგება, რომ ერთმანეთს დავუკავშირდეთ, რაღაცებზე ვიფიქროთ და განვვითარდეთ.
როცა "ბარსელონას" გარემოცვაზე ვსაუბრობ, ფანებს კი არ ვგულისხმობ, არამედ პრესას. მათგან მომავალი კრიტიკა ფეხბურთელებზე გავლენას ახდენს და ისინი კარგად ვერ თამაშობენ.
შესვენებაზე ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ დამშვიდებულიყვნენ.
მატჩს პოზიტიურად შევაფასებდი. სტარტი ძალიან ცუდი იყო და მიუღებელი გოლი გავუშვით. ამის შემდეგ შანსები გვქონდა, ორგანიზებულად ვმოქმედებდით და თამაშიც მოვიგეთ." - თქვა "მაესტრომ".
შეგახსენებთ, რომ დღევანდელი გამარჯვების შემდეგ "ბარსას" ლა ლიგაში 30 ქულა დაუგროვდა და ლიდერ "ჟირონასთან" ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირა. მომდევნო მატჩი კატალონიელებს "რაიო ვალეკანოს" წინააღმდეგ, 25 ნოემბერს ელოდებათ.