ესპანელი ჟურნალისტი ჟერარ რომერო იუწყება, რომ დღეს "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა.
"ბლაუგრანას" საფეხბურთო დირექტორი მატეუ ალემანი ცნობილ აგენტ პენი ზაჰავის შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ დასახელებულ პირთა მრჩევლებიც - ჟორდი კრუიფი და უმბერტო პავიაც.
გარდა რობერტ ლევანდოვსკისა, ზაჰავი იანიკ ფერეირა კარასკოსა და ბენჟამინ პავარის აგენტიცაა. ორივე ფეხბურთელი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" სამიზნედ ითვლება. კლუბი მათ გადაბირებას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე აპირებს.
"ატლეტიკოსთან" დადებული შეთანხმების თანახმად, "ბარსას" ბელგიელი გარემარბის შეძენა 15-20 მილიონ ევროდ შეეძლება.
რაც შეეხება პავარს, ფრანგ უკანახაზელს "ბაიერნთან" კონტრაქტი 2024 წლის ივლისში ეწურება. ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე საუბარი არ ყოფილა, ამიტომ დიდი შანსია, "რეკორდმაისტერმა" ბენჟამინი ზაფხულში შეღავათიან ფასად გაყიდოს.
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ალემანი და კრუიფი შემადგენლობის გაძლიერებაზე მუშაობას უკვე შეუდგნენ.