"ბარსელონას" პოლონელ თავდამსხმელს, რობერტ ლევანდოვსკის ესპანური პრესა ძალიან მძიმე დღეში ამყოფებს. გარდა იმისა, რომ 35 წლის ცენტრფორვარდს თამაშის ხარისხის გამო აკრიტიკებენ, ხშირად იწერება კლუბში მასთან არსებული დაძაბულობის შესახებ.
მაგალითად, "რეალ სოსიედადთან" მატჩის შემდეგ ითქვა, რომ ლევანდოვსკი ჩავიზეა გაბრაზებული და შეხვედრის დასრულების მერე სწორედ ამიტომ დააიგნორა. უსიამოვნო მომენტი დაფიქსირდა "ალავესის" წინააღმდეგ ნათამაშებ მატჩშიც, სადაც რობერტი ლამინ იამალს გაუბრაზდა და ხელგამოწვდილი ტალანტი რეაქციის გარეშე დატოვა.
ამ ყველაფრის შესახებ რობერტმა პოლონეთის ნაკრების შეკრებაზე ჩასულმა ისაუბრა.
"ჩავის იგნორირება? უპირველეს ყოვლისა, ამ ყველაფრისგან უნდა ვდისტანცირდე, რადგან ეს არა მხოლოდ მე, არამედ სხვა ფეხბურთელებსაც ემართებათ. ესპანური პრესა სიტუაციას ყოველთვის აბუქებს. დოპინგის ტესტი მქონდა გაკეთებული, ვიღაც მელაპარაკებოდა და მისთვის პასუხი უნდა გამეცა. ამის ახსნაც კი არ მსურს, რადგან ასახსნელი არაფერია.
ლამინთან გაუგებრობას ჰქონდა ადგილი. სრული შემთხვევითობა. ნორმალურია, რომ მოედანზე თამაშისას თანაგუნდელს დაუყვირო და რჩევა მისცე. ქვედა ზღვარი არ არსებობს," - თქვა ლევანდოვსკიმ.
გეტყვით, რომ "ბლაუგრანას" ცხრიანს მიმდინარე სეზონში 8 გოლი აქვს გატანილი. "ალავესთან" შესრულებული დუბლით მან თვე-ნახევრიანი უგოლო სერია შეწყვიტა.