როგორც რამდენიმე დღის წინ გავრცელებულმა ცნობებმა დაადასტურეს, "ბარსელონამ" ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტის, ენრიკეს ნეგრეირას კომპანია Dansil 95-ს 17 წლის განმავლობაში 6.7 მილიონი ევრო გადაუხადა.
"ბლაუგრანას" ვერსიით, ამ თანხის სანაცვლოდ კლუბი მსაჯებზე რჩევებსა და შედარებით დაბალი დივიზიონების ფეხბურთელთა შესახებ დაწერილ რაპორტებს იღებდა. "ლურჯ-ბროწეულისფერნი" ამტკიცებენ, რომ ეს სავსებით ლეგალურია.
ესპანეთში არსებული კანონის მიხედვით, თუ შემთხვევიდან 3 წელზე მეტია გასული, კლუბს სპორტული სანქცია ვეღარ დაემუქრება. აქ საქმე მსგავს შემთხვევასთან გვაქვს, რადგან ნეგრეირამ თანამდებობა 2018 წელს დატოვა. ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმაც განაცხადა, რომ ლა ლიგა არც გამოძიებას დაიწყებს და არც "ბარსას" დასჯის, თუმცა ანტიკორუფციული დეპარტამენტი საქმის შესწავლით უკვე დაკავებულია. შეიძლება დადგეს "ბარსას" ხელმძღვანელობის ზოგიერთი წევრის პასუხისმგებლობის საკითხი.
სპორტული თვალსაზრისით, "ბლაუგრანა" შიდა ასპარეზზე უსაფრთხოდაა, მაგრამ იგივე არ ითქმის ევროსარბიელზე.
Onda Cero-ს ინფორმაციით, უეფას შეუძლია, კატალონიური გრანდი ევროტურნირებიდან მოკვეთოს, თუ აღმოაჩენს, რომ კლუბი მატჩების შედეგზე უკანონოდ ზემოქმედებას ცდილობდა.
საამისოდ მათ მოუწევთ მონახონ მტკიცებულება, რომ "ბარსელონა" მსაჯებისგან დახმარებას იღებდა, ეს კი საკმაოდ რთული იქნება. თანაც, 17 წლის განმავლობაში გადახდილი 6.7 მილიონი ევრო ნამდვილად არაა ის თანხა, რომლითაც სამსაჯო სისტემის მოსყიდვაა შესაძლებელი და ეს უეფაში ძალიან კარგად უნდა იცოდნენ.