"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა "კადისთან" მატჩამდე ერთი დღით ადრე გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
გთავაზობთ "ბლაუგრანას" თავკაცის ყველაზე საინტერესო განცხადებებს:
"ყოველთვის სამწუხაროა, როცა ფეხბურთელები ხელმისაწვდომნი არ არიან. პედრი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იგი განსხვავებას ქმნის. ჩვენ საკვანძო მოთამაშე დავკარგეთ, მაგრამ ალტერნატივები მრავლად გვყავს."
"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში დაფიქსირებული შედეგის მიუხედავად, ხვალ როტაცია მაინც იქნებოდა. როტაციის დრო მოვიდა. ეს არა მხოლოდ ხუთშაბათისთვის, არამედ დარჩენილი შეხვედრებისთვისაც კეთდება."
"ლევანდოვსკი? რასაც ის აჩვენებს, ცუდი არაა. დონე, რომელზეც იგი მსოფლიო ჩემპიონატამდე თამაშობდა, ექსტრაორდინალური გახლდათ. რობერტი მოედანზე უფრო ხშირად უნდა ვიპოვოთ ხოლმე. მასზე მეტი შეტევა უნდა გავიდეს."
"ფერანს თვითრწმენა სჭირდება. ახლა იგი ვერ თამაშობს ისე, როგორც მისგან ყველა ელოდება. ტორესს ვენდობით."
"4:4:2-ით ჩემს გუნდს არასდროს უთამაშია. ეს არ მომწონს, რადგან მოედნის მაქსიმალურად ათვისებას ვემხრობი."
"დემბელემ მინდორზე ვარჯიში უკვე დაიწყო, მაგრამ დაბრუნებამდე ჯერ კიდევ ადრეა. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ გრძნობს იგი თავს."
"ბევრჯერ მსმენია, რომ დაცვითი გუნდი ვართ. ეს გასაოცარია. ჩვენ ვართ ყველაზე შემტევი გუნდი, "მანჩესტერ სიტისთან ერთად."
"გაიმეორებს ანსუ იმას, რაც რაშფორდმა გააკეთა? იმედია. საამისო უნარები მაქვს. დანარჩენი თავდაჯერების საკითხია. ფატის თამაში განსაზღვრავს მის დროს გუნდში. მისი გვჯერა."
"გარსიას უსამართლოდ ვექცევი. ის კარგად ვარჯიშობს. ერიკი არასდროს წუწუნებს და მუდამ ღიმილით აკეთებს თავის საქმეს. იგი მეტ სათამაშო წუთს იმსახურებს."
"რაფინია? მე ვარ ის, ვინც მას ყველაზე მეტად ენდობოდა. რაფინიას გუნდში ყველაზე მეტი საგოლე გადაცემა აქვს. ერთი-ერთზე სიტუაციებში ბურთს უფრო ხშირად ითხოვს. როცა რაფინიას აკრიტიკებდნენ, ეჭვი არ მეპარებოდა, რომ იგი წარმატებას მაინც მიაღწევდა."
"მწვრთნელობა მარტივი საქმე არაა, მაგრამ ხისტი გადაწყვეტილებების მიღებას დავეჩვიე. მაგალითად, ფეხბურთელისთვის იმის თქმას, რომ მისი ადგილი გუნდში აღარაა."
შეგახსენებთ, რომ "ბარსელონასა" და "კადისის" მატჩი ხვალ, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.