1 წლის და 9 თვის წინ
"ბარსას" ახალი სამიზნე ჰყავს - შარშან ის "რეალს" ეკუთვნოდა
"ბარსას" ახალი სამიზნე ჰყავს - შარშან ის "რეალს" ეკუთვნოდა

"ბარსელონა" ტაკეფუსა კუბოს პროგრესს თვალს ადევნებს, - იუწყება Diario AS.

ესპანური გამოცემის თანახმად, "ბლაუგრანაში" ფიქრობენ, რომ 21 წლის შემტევი ჩავი ერნანდესის სისტემას იდეალურად მოერგება.

ტრანსფერის განხორციელება მარტივი ნამდვილად არ უნდა იყოს. უდიდესი ალბათობით, "რეალ სოსიედადი" კუბოს სანაცვლოდ მისი გამოსასყიდი თანხის, 60 მილიონი ევროს მიღებას მოითხოვს.

"ბარსას" ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ იაპონელის შესაძენად კლუბს რამდენიმე ფეხბურთელის გასხვისებაც დასჭირდება.

სხვათა შორის, ტაკეფუსას უფლებების 50% ჯერ კიდევ "რეალს" ეკუთვნის. კუბოს გაყიდვამდე, "ჩური ურდინი" ჯერ "სამეფო კლუბს" შეატყობინებს მსურველთან შეთანხმებულ ფასს და მადრიდელებს შეეძლებათ, ახალგაზრდა სწორედ ამ თანხად დაიბრუნონ. მიუხედავად ამისა, "ბლანკოსში" კუბოს დაბრუნებით დაინტერესებულნი არ არიან.

შეგახსენებთ, რომ ტაკეფუსა "ლა მასიას" აღზრდილია. 2015 წელს განვითარებული ცნობილი მოვლენების გამო, მას იაპონიაში დაბრუნება მოუხდა, საიდანაც "რეალმა" წამოიყვანა. გასულ ზაფხულს იგი "სოსიედადმა" 6 მილიონ ევროდ შეიძინა.

მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 25 მატჩში კუბომ 4 გოლი და 6 ასისტი მიითვალა.


Facebook კომენტარები