ლა ლიგის მე-14 ტურში "ბარსელონამ" ქულები კიდევ ერთხელ დაკარგა. "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" "რაიო ვალეკანოსთან" საგარეო მატჩში ფრე ითამაშეს, ანგარიშით 1:1. კატალონიური გრანდი 82-ე წუთამდე აგებდა და წონასწორობა ფლორიან ლეჟონის ავტოგოლით აღადგინა.
ყაიმით დასრულებული მატჩი "ბლაუგრანას" მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა შეაფასა.
"პირველ გაშვებულ გოლზე გვერდითა მსაჯს ველაპარაკე და მან მითხრა, რომ გოლთან დაკავშირებით ეჭვები არსებობდა, მერე კი გოლი ჩათვალეს. ჩვენ საწინააღმდეგოდ რთულ გადაწყვეტილებებს იღებენ ხოლმე. იყო შესაძლო პენალტი რაფინიაზეც, მაგრამ აქ არ უნდა გავჩერდეთ. პირველ ტაიმში ნაჩვენებ თამაშს თუ გავითვალისწინებთ, თვითკრიტიკის დროა.
იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მსაჯის ინტერპრეტაციაზეა დამოკიდებული, ყოველთვის პრობლემა გვექმნება. ამ სეზონში ბედი არ გვწყალობს.
პირველ ტაიმში არ გამოგვიჩენია ის მენტალიტეტი, რომელიც ტიტულებისთვის საბრძოლველად დაგვჭირდება.
მერე მეუბნებიან, რომ თავის გასამართლებელ მიზეზებს ვეძებ, მაგრამ რაფინიაზე ჯარიმა აშკარად საპენალტე იყო. ეს შეგვემთხვა "ხეტაფესთან", "გრანადასთან" და ახლაც. ქულები იმიტომ დავკარგეთ, რომ პირველ ტაიმში ცუდები ვიყავით და თავს ვერ გავიმართლებთ, მაგრამ პენალტი უნდა დანიშნულიყო," - თქვა ჩავიმ.
შეგახსენებთ, რომ "ბარსა" ლა ლიგის ცხრილში მესამე ადგილზეა და ლიდერ "ჟირონას" 3 ქულით ჩამორჩება. პირველადგილოსნებს ჩავის გუნდზე ერთით ნაკლები მატჩიც აქვთ ჩატარებული.