როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონას" ხვალ მადრიდის "ატლეტიკოსთან" ელის ლა ლიგის მე-15 ტურის შეხვედრა.
მატჩისწინა პრესკონფერენციაზე "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. ჩავის თავისი ყოფილი სამიზნის, ალვარო მორატას შესახებაც მოუწია საუბარი.
"მორატა დიდებული თავდამსხმელია. ის გულუხვი ფეხბურთელია, რომელიც გუნდისთვის ირჯება. ის ძალიან შრომისმოყვარეა, სივრცეებში კარგად გადაადგილდება და გუნდს ეხმარება. იგი ძალიან მომწონს.
მართალია, რომ ალვაროს შეძენა მინდოდა. შესაძლებლობა რეალური იყო, მორატას ვესაუბრებოდი და მისი გუნდში მოყვანა მსურდა, მაგრამ ეს არ გამოვიდა," - თქვა "მაესტრომ".
მორატას "ბარსას" განსაკუთრებით აქტიურად 2022 წლის ზამთარში უკავშირებდნენ. საბოლოო ჯამში, მაშინ კლუბმა ცენტრფორვარდის პოზიციაზე პიერ-ემერიკ ობამეიანგი დაიმატა, მომდევნო ზაფხულს კი რობერტ ლევანდოვსკი გაიფორმა, რითაც ცენტრალური თავდამსხმელის შეძენის საჭიროებაც გააქრო.
აქვე გეტყვით, რომ "ბარსასა" და "ატლეტიკოს" შორის გასამართი მატჩი თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.